აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, უკრაინისთვის Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემის კომენტირებისას, განაცხადა, რომ ამ საკითხში აშშ „ძალიან ფრთხილად უნდა იყოს“.
აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, გადასცემს თუ არა უკრაინას Patriot-ის სისტემებისთვის ჩამჭრელი რაკეტების წარმოების ლიცენზიას.
მისი თქმით, ამერიკული იარაღი „მსოფლიოში საუკეთესოა“, ამიტომ შეერთებულმა შტატებმა სხვა ქვეყნებისთვის მისი წარმოების ნებართვის გაცემის საკითხში „ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა იმოქმედოს“.
„რაც შეეხება პრეზიდენტ ზელენსკის, მას რამდენიმე Patriot-ის სისტემა სურს. ასევე სურს რამდენიმე Tomahawk-ის რაკეტა, რომლებიც, როგორც იცით, მომაკვდინებელია, ერთი შეტევისთვისაა, მეორ თავდაცვისთვის“, -განაცხადა ტრამპმა.
ამ შეიარაღების შესაძლებლობებზე ისაუბრა.
„მსგავსი არაფერი არავის არასდროს უნახავს. ძალიან გონივრულები უნდა ვიყოთ, მაგრამ ასევე ძალიან ფრთხილებიც. ჯერჯერობით ამაზე არ დავთანხმებულვართ. ამ საკითხს განვიხილავთ. თუმცა ასეთი ტექნოლოგიის გადაცემა ადვილი საქმე არ არის. და არ მგონია, რომ ეს ოდესმე მოხდეს“, - დასძინა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ ქვეყნებმა, რომლებსაც აშშ იარაღის წარმოების ლიცენზიას გადასცემს, მომავალში ეს ტექნოლოგია ვაშინგტონის წინააღმდეგ გამოიყენონ.
„იცით, არიან ადამიანები, რომლებმაც შეიძლება ეს ტექნოლოგია სხვებს გადასცენ, და ერთ დღეს ისინი შესაძლოა თქვენს წინააღმდეგაც შემობრუნდნენ. იცით, ეს სავსებით შესაძლებელია. თუ ომების ისტორიას გადავხედავთ, მსგავსი რამ ბოლო წლებში არაერთხელ მომხდარა, არა? ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“, - თქვა მან.