კოკოითის სეპარატისტული მთავრობის ე. წ. ჯანდაცვის მინისტრს ოთარ გასიევს ე. წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის წევრმა ბალა ბესტაუთიმ ფიზიკურიDშეურაცხყოფა და სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენა. გასიევი ჯერ ცხინვალის საავადმყოფოში იმყოფებოდა, შემდეგ სამკურნალოდ ვლადიკავკაზში გადაიყვანეს. იგი ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციით კომიტეტის ინფორმაციით, ე. წ. სამხრეთ ოსეთის გენპროკურატურამ დაადასტურა გასიევის მიმართვის ფაქტი, რომელიც "დეპუტატის" მიმართ შესაბამის ბრალდებებს შეიცავს.
"მოქალაქე გასიევისთვის შემოწმებითი ღონისძიებების ჩატარებისა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დადგინდა, რომ გასიევს შუბლისა და მუცლის არეში სისხლჩაქცევები აღენიშნება", _ იუწყება ოსური მხარე.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტის მიზეზი ბალა ბესტაუთის მეუღლის თანამდებობიდან დათხოვნა გახდა, რომელიც ე. წ. ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობდა. მისი განთავისუფლების მიზეზად კი სახელდება ის, რომ მადინა ბესტაევა ე. წ. სამინისტროში მუშაობის პარალელურად საპენსიო ფონდს ხელმძღვანელობდა.
"წინა ჯანდაცვის მინისტრის ნუგზარ გაბარაევის დროს მადინა ბესტაევა ასევე ორ ადგილზე მუშაობდა. დათხოვნა, როგორც ჩანს, მის მეუღლეს არ მოეწონა", _ იუწყება ოსური მხარე.