საპარლამენტო უმრავლესობა გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის განხილვისთვის 11 სამუშაო დღეს საკმარისად მიიიჩნევს.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის გიორგი თარგამაძის ინიციატივას, რომ აღნიშნული საკითხი პარლამენტს ჩვეულ რეჟიმში განეხილა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი გამეხმაურა.
მისი განმარტებით, დაჩქარებული წესით კანონპროექტის გატანა ნიშნავს, რომ მას პირველი მოსმენით ხვალ პლენარულ სხდომაზე გაიტანენ.
"დღეიდან 11 მარტამდე ყველას საშუალება ექნება საკითხის განხილვაში მონაწილეობა მიიღოს. ამ ვადებში კი არაფერი ისეთი დამთრგუნველი და შემზღუდავი არ არის, რომ იმ ადამიანებს, რომელსაც აქვს სურვილი, მოსაზრება გამოთქვან,ს ხელი შეეშალოთ", - აღნიშნა მაჭავარიანმა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტს დაავალა საკითხზე გაფართოებული მოსმენა ჩაატაროს და ყველა დაინტერესებული პირი მოიწვიოს.
გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის დაჩქარებული სახით განხილვას დღეს ბიუროს სხდომაზე მხარი გიორგი თარგამაძემ, კონსტანტინე გამსახურდიამ და ლევან ვეფხვაძემ არ დაუჭირეს.