წინასწარი მონაცემებით, დნიპროპეტროვსკის ოლქის დაბა რადუშნოეზე რუსმა ოკუპანტებმა ჩრდილოკორეული წარმოების ბალისტიკური რაკეტით მიიტანეს იერიში.
ამის შესახებ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ რადუშნოეში ბალისტიკური რაკეტა „ჩვეულებრივი ოჯახის ჩვეულებრივ სახლს“ მოხვდა, რის შედეგადაც მშობლები და მათი შვილები დაიღუპნენ.
„რადუშნოეზე რუსებმა დიდი ხნის შემდეგ პირველად გამოიყენეს ჩრდილოეთ კორეული რაკეტა. ასეთია წინასწარი მონაცემები. რა თქმა უნდა, კიდევ ჩატარდება ექსპერტიზა, ყველაფერი გადამოწმდება, თუმცა ამ ეტაპზე საუბარია ჩრდილოეთ კორეული წარმოების ბალისტიკურ რაკეტაზე. ეს არის მოსკოველი ნაძირლების ალიანსი ჩრდილოეთ კორეის შეშლილ რეჟიმთან - რაკეტების მისაღებად, ჩრდილოეთ კორეული კონტინგენტის აქ, ევროპაში, ჩვენს საზღვრებთან განთავსებისთვის და ჩვენი უკრაინელი ბავშვების მოსაკლავად,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, თავდასხმა მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ დაგმო. ასევე, ევროპულმა სახელმწიფოებმა განცხადებები გააკეთეს რუსულ რაკეტასთან დაკავშირებით, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე შეიჭრა და ლუბლინთან ახლოს, მინდორში აფეთქდა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი მხოლოდ თანაგრძნობა და დაგმობა კი არ არის, არამედ საჰაერო თავდაცვისთვის რაკეტებია, ასევე ისეთი ზეწოლა რუსეთზე, რომელსაც ამ უაზრო რუსული ომის, მათი დარტყმებისა და ტერორის შეჩერება შეუძლია. ეს ომი დიდი ხნის წინ შეიძლებოდა დასრულებულიყო, მაგრამ პუტინს ეს არ სურს. ხან ჩრდილოეთ კორეაში ეძებს იარაღს, ხან ირანში, ხან კიდევ სხვა რაღაცას იგონებს. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ომი და მკვლელობები გააგრძელოს,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან უკრაინის მთავარ პრიორიტეტად საჰაერო თავდაცვისთვის განკუთვნილი რაკეტები დაასახელა - პირველ რიგში, Patriot-ის სისტემებისთვის საჭირო რაკეტები, ასევე NASAMS-ის, IRIS-T-ის, Hawk-ისა და სხვა სისტემების რაკეტები.
„ვიმედოვნებ, რომ ყველა ჩვენი პარტნიორი, პირველ რიგში კი ჩვენი ამერიკელი პარტნიორები და ჩვენი მეგობრები ევროპაში, გააცნობიერებენ, რომ რეალური ადამიანების სიცოცხლე დამოკიდებულია იმაზე, გვეხმარებიან თუ არა ისინი ჩვენ- ეხმარებიან თუ არა ისინი უკრაინას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე მასშტაბური კომბინირებული იერიში მიიტანეს, რომლის დროსაც გამოიყენეს დრონები, ასევე საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ბაზირების სხვადასხვა ტიპის რაკეტები. კირვი რიჰთან, დაბა რადუშნოეში მდებარე საცხოვრებელ სახლზე დარტყმის შედეგად ერთი ოჯახის 6 წევრი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი, ოჯახის კიდევ რამდენიმე წევრის ბედი კი ამ დრომდე უცნობია.