აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს ირანზე ახალი ავიაიერიშების შეჩერების ბრძანება გასცა, რითაც თითქმის ორკვირიანი ყოველდღიური დარტყმების სერია შეწყდა
ამის შესახებ Axios ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
„პრეზიდენტმა ტრამპმა სამხედრო ხელმძღვანელობას სთხოვა, პარასკევს ირანის წინააღმდეგ დარტყმები არ განეხორციელებინათ. ეს გადაწყვეტილება თითქმის ორი კვირის განმავლობაში უწყვეტი თავდასხმების შემდეგ იქნა მიღებული“, - წერს გამოცემა.
Axios-ის შეფასებით, ეს ნაბიჯი, ერთი მხრივ, ასახავს ტრამპის სურვილს, მეტი შანსი მისცეს კონფლიქტის დიპლომატიურ მოგვარებას, ხოლო, მეორე მხრივ, მიუთითებს, რომ აშშ-ის ამჟამინდელი მასშტაბის სამხედრო ოპერაციებმა ეფექტიანობის მაქსიმუმს მიაღწია.
ამერიკული სამხედრო სარდლობის შეფასებით, ირანზე უფრო მნიშვნელოვანი ზემოქმედების მოხდენა მხოლოდ სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის განახლებით იქნება შესაძლებელი. გამოცემის ინფორმაციით, სამხედროები ასეთი სცენარისთვის მზად არიან, თუმცა ტრამპს ამ დრომდე ოპერაციის გაფართოების შესახებ რაიმე ახალი ბრძანება არ გაუცია.