"თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდული ფრთა "პოლიციის შესახებ" კანონს იწუნებს. აღნიშნულის საპროტესტოდ ახალგაზრდა "თავისუფალმა დემოკრატებმა" დღეს პარლამენტის შენობის წინ აქცია გამართეს.
"პოლიციის შესახებ კანონის მე-9 პრიმა მუხლის თანახმად, პოლიციელს გონივრული ეჭვის საფუძველზე, შეუძლია გააჩეროს საქართველოს მოქალაქე და აწარმოოს ჩხრეკა. ჩვენ, "თავისუფალმა დემოკრატებმა", აღნიშნული კანონი გავაპროტესტეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, რადგან მივიჩნევთ, რომ იგი ლახავს ადამიანის უფლებებს და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ირაკლი ალასანიას პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა სულხან ღლონტმა.
მისი განმარტებით, "თავისუფალი დემოკრატები" განაგრძობენ იმ კანონების წინააღმდეგ გამოსვლას, რომელიც, მათი აზრით, მოქალაქეების უფლებებს ლახავს.
"ბოლო წლებში ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ მოქალაქეების უფლებების შეზღუდვის ხარჯზე, ხელისუფლების ძალაუფლება ყოფილიყო მაქსიმალურად გაზრდილი და უკონტროლო, თუ ჩვენ არ ვიქნებით აქტიურები ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლაში, ხელისუფლება ქვეყანას კლასიკურ ავტორიტარიზმამდე მიიყვანს", - აცხადებს სულხან ღლონტი.
შეგახსენებთ, რომ თავისუფალმა დემოკრატებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს სარჩელით, სადაც აპროტესტებენ პოლიციის შესახებ კანონის მე-9 პრიმა მუხლს.