სამხედრო საკითხებში ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის აზრით, ყაბარდო-ბალყარეთში ბოლო დროს მომხდარ ტერორისტულ აქტებში საქართველოს დადანაშაულებით ქვეყნის ხელმძღვანელობა კრემლის გულის მოგებას ცდილობს.
"ყაბარდო-ბალყარეთის ხელმძღვანელობა ცდილობს კრემლის გული მოიგოს. პირადი ინიციატივით ამბობს, რომ ვერ უმკლავდება ქართველების ტერორისტულ აქტებს, რადგან ფიქრობს, რომ ამით მოსკვში ქულებს დაიწერს", - განუცხადა შარაშენიძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე განმარტებით, თავად რუსეთში სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ტერორისტების მფარველი ქვეყანაა, დიდი ხანია გამქრალია.
"ამას ადასტურებს რუსეთის ბოლოდროინდელი პრესაც, სადაც გამქრალია ყველანაირი სპეკულაცია იმაზე, რომ ტერაქტების უკან შეიძლება ქართველები იდგნენ", - დასძინა ექსპერტმა.
შეგახსენებთ, რომ ყაბარდო-ბალყარეთის მეთაურმა რესპუბლიკაში სიტუაციის დესტაბილიზების მცდელობაში საქართველო დაადანაშაულა. როგორც არსენ კანოკოვმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა, ბოლო დროს მომხდარი აფეთქებების უკან მეზობელი სახელმწიფოების სპეცსამსახურები დგანან. ცნობისათვის: ყაბარდო-ბალყარეთს ჩრდილოეთით - სტავროპოლის მხარე (რუსეთი), სამხრეთით - ჩრდილოეთ ოსეთი (რუსეთი) და საქართველო და დასავლეთით - ყარაჩაი ჩერქეზეთი (რუსეთი) ესაზღვრება.