ექსპერტ ნიკა ჩიტაძის შეფასებით, ყაბარდო-ბალყარეთის მეთაურმა ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციაში საქართველოს დადანაშაულებით, "რუსეთის დავალება" შეასრულა.
"იმ ფონზე, როცა ყაბარდო-ბალყარეთი საქართველოს გარდა სხვა არც ერთ სახელმწიფოს არ ესაზღვრება, ის შედის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, ბუნებრივია, მისი მეთაური სწორედ საქართველოს გულისხმობდა, როცა ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაში მეზობელ სახელმწიფოს დასდო ბრალი. ყაბალდო-ბალყარეთის ე.წ. პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტის მიერაა დანიშნული, ისე როგორც, რუსეთის კონსტიტუციაში, 2004 წელს შეტანილი ცვლილებების შემდეგ სწორედ ფედერალური ხელისუფლება ამტკიცებს ავტონომიური რესპუბლიკებისა და ფედერაციის სხვა სუბიექტების ხელმძღვანელებს", - განუცხადა ჩიტაძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე შეფასებით, რუსეთისა და მის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკების მარიონეტული მეთაურების ძირითადი მიზანია საერთაშორისო საზოგადოების წინაშე საქართველოს დისკრედიტაცია და მისი წარმოჩენა, როგორც ტერორისტების მფარველი სახელმწიფო.
"არის მეორე მომენტიც: რუსეთს და ამ შემთხვევაში ყაბალდო-ბარყალეთის ხელისუფლებას სურთ, რომ უსაფრთხოების ძალების სისუსტე, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ მრავალი ტერორისტული აქტის აღკვეთას, გარკვეულწილად, გარეშე ძალებს, პირველ რიგში კი, საქართველოს გადააბრალონ", - განმარტა ჩიტაძემ.
შეგახსენებთ, რომ ყაბარდო-ბალყარეთის მეთაურმა რესპუბლიკაში სიტუაციის დესტაბილიზების მცდელობაში საქართველო დაადანაშაულა. როგორც არსენ კანოკოვმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა, ბოლო დროს მომხდარი აფეთქებების უკან მეზობელი სახელმწიფოების სპეცსამსახურები დგანან. ცნობისათვის: ყაბარდო-ბალყარეთს ჩრდილოეთით - სტავროპოლის მხარე (რუსეთი), სამხრეთით - ჩრდილოეთ ოსეთი (რუსეთი) და საქართველო და დასავლეთით - ყარაჩაი ჩერქეზეთი (რუსეთი) ესაზღვრება.