დღეს კინოს სახლში "სახალხო წინაღმდეგობის მოძრობისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართული ემიგრანტების" ინიციატივით, დისკუსია მოეწყო თემაზე "რთული გზა სამშობლოსკენ." დისკუსიაზე, ასევე, წარმოადგინეს ჟურნალისტ ნინო ცხოიძის საავტორო გადაცემა "სხვა საქართველო აქ არის".
როგორც ამ თემით დაინტერესებულმა სპეციალისტებმა აღნიშნეს, კონკტრეტული ფაქტები მეტყველებენ, თუ რატომ აღარ სურს საქართველოს მოსახლეობას სამშობლოში დარჩენა.
ნინო ცხოიძის თქმით, ქართველი ემიგრანტების ზუსტი სტატისტიკა ცნობილი არაა.
"დიასპორის საკითხებში სამინისტრო განსხვავებულ სურათს ხატავს და საქსტატის მონაცემებს იშველიებს. მათი მონაცემის მიხედვით, 2007 წელს თურმე საქართველოში ჩამოსულ ქართველთა რიცხვი გასულთა რაოდენობას აჭარბებდა, 2008 წელს კი_20 ათასზე მეტი დაბრუნებულა, ასეთივე ვითარება ყოფილა 2009 წელს. სინამდვილეში, საქართველოდან წასვლის მსურველთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე_დაბრუნებულთა. ამაზე აეროპორტში წამსვლელთა რაოდენობაც მეტყველებს, აეროპორტში დაფიქსირებულთა 20% კი ხელმეორედ მიდის ემიგრაციაში,"_აცხადებს ნინო ცხოიძე.
ამასთან, მისი თქმით, პოლიტიკური მიზნით ემიგრაციაში წასვლის შემთხვევებიც გახშირდა. ხალხის ნაწილმა სამსახური მიტინგზე დგომის გამო დაკარგა. საქართველოდან წასვლის მსურველები უსახსრობის გამო იაფ გზას ამჯობინებენ. კერძოდ, ისინი ბელორუსიიდან ხვდებიან პოლონეთში, ისრაელში მოსახვედრად კი არაბ ბედუინებთან იძულებით თვეობით უწევთ ცხოვრება.
"შენგენის ვიზების გამარტივება ქართველ ემიგრანტთა უპირობო გამოყრას გამოიწვევს, რადგან ამით ემიგრანტების დეპორტაცია მარტივდება. ახალი ბიომეტრული პასპორტის შემოღება, ე.წ. ჩიპი კი, რითაც მათი იდენტიფიკაცია მოხდება, არალეგალების გამოყრას გამოიწვევს,"_აცხადებს ცხოიძე.