საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამტრედიის რაიონს სტუმრობდა.
ქვეყნის პირველმა პირმა სოფელ ეწერის მაცხოვრებლებს სიმინდის ჰიბრიდული ჯიშის პრიორიტეტულობა, რომლის დანერგვაც სოფლის მეურნეობის სექტორში წლევანდელი წლიდან იგეგმება, პირადად აუხსნა.
"ჩვენ ძალიან დიდი რესურსი გვაქვს სოფლის მეურნეობაში და შეიძლება შევქმნათ კარგი აგროსამრეწველო კომპლექსი. თუ ჩვენ ვერ გამოვკვებეთ ჩვენი თავი, მუდმივად ჩამოკიდებულები ვიქნებით სხვა ქვეყნებზე. არ შეიძლება სულ ნევრასტენულ მდგომარეობაში ვიყოთ. ჩვენ ჩვენი უნდა გვქონდეს და როცა ჩვენ ჩვენი გვექნება, მსოფლიოში სიტუაციის გაუარესებით, ჩვენ ვიხეორებთ კიდეც", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე განმარტებით, საქართველო ინდუსტრიაში ახალი ამერიკის აღმოჩენას ვერ შესძლებს, მაგრამ სხვა ქვეყნების მაგალითზე, უკვე არსებული გამოცდილება უნდა გაითვალისწინოს.
"ჩვენ ხვალ რომ გაგვეხსნას მსოფლიო ბაზრები, არაფერი გასასაღებელი არ გვაქვს... ამერიკას თავიდან ვერ აღმოვაჩენთ, მაგრამ, ის, რაც მათ უკვე იციან, უნდა გავიზიაროთ", - დასძინა ქვეყნის პირველმა პირმა.
შეგახსენებთ, რომ მარტიდან საქართველოში ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის თესლების დარიგება დაიწყება. ის სიმინდის მოსავალს სამჯერ ზრდის.