უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ რუსეთი უახლოეს 48 საათში უკრაინაზე ახალი მასშტაბური სარაკეტო იერიშისთვის ემზადება.
„ჩვენი დაზვერვისა და პარტნიორების ინფორმაციით, რუსებმა უკრაინაზე მორიგი მასშტაბური დარტყმისთვის რაკეტები უკვე მოამზადეს. ეს დარტყმა შესაძლოა დღესვე განხორციელდეს. წინასწარი ინფორმაციით, ის უახლოესი 48 საათის განმავლობაშია მოსალოდნელი. გთხოვთ, გაუფრთხილდით საკუთარ თავს და ყურადღება მიაქციეთ საჰაერო განგაშის სიგნალებს.
პარტნიორების გაგებისა და მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს. საჰაერო თავდაცვა ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტია - სწორედ ამ მიმართულებით შეუძლიათ პარტნიორებს ყველაზე მეტად დაგვეხმარონ. ყველა შეთანხმება დროულად უნდა შესრულდეს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ყველა ჩვენმა დიპლომატმა უფრო სწრაფად უნდა იმოქმედონ, ხოლო უკრაინის საჭიროებები მსოფლიოში უფრო ხმამაღლა უნდა ისმოდეს, რადგან ეს ადამიანების სიცოცხლის დაცვის რეალური საჭიროებებია.,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი შემოდგომისთვის მობილიზაციის ახალი ტალღის დაწყებას ამზადებს.
„ამჟამად რუსეთი ფრონტზე უფრო მეტ სამხედრო მოსამსახურეს კარგავს, ვიდრე ახერხებს მათი ჩანაცვლებისთვის ახალი ადამიანების მობილიზებას. მიუხედავად ამისა, პუტინი შეტევების გაძლიერებას და ამ ომის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს. მას ახალი ადამიანები სჭირდება შეტევებში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ ამას წინასწრად უნდა ვუპასუხოთ - ყველა დონეზე: ფრონტზე, ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი სანქციებით, საშუალო სიშორის დარტყმებით, დიპლომატიური ძალისხმევით და, რა თქმა უნდა, ყველა იმ პარტნიორთან თანამშრომლობით, ვისაც ადამიანების სიცოცხლის დაცვა და მშვიდობის მოახლოება შეუძლია“, - განაცხადა ზელენსკიმ.