საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა, სადაც სპეციალური სტუმრის სტატუსით მიწვეულია კიევში ეკონომიკური ფორუმის მიერ ორგანიზებულ „უკრაინა-ევროკავშირის მეხუთე ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმში" მონაწილეობის მისაღებად. გიორგი ბარამიძე სიტყვით მიმართავს „ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების პანელის" მონაწილეებს და ისაუბრებს ტრანსატლანტიკური სივრცის წინაშე უსაფრთხოების სფეროში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ვიცე პრემიერ- მინისტრის ორმხრივი შეხვედრები უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრთან სერგეი ტიგიპკოსთან, რომელიც უკრაინის მთავრობაში ევროინტეგრაციის საკითხებს კურირებს, უკრაინის პარლამენტის ვიცე- სპიკერთან, უკრაინის ევრო-ინტეგრაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებთან. ორმხრივი შეხვედრები გაიმართება, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის EBRD-ის ვიცე პრეზიდენტთან და რუმინეთის პარლამენტის ვიცე- სპიკერთან.
უკრაინაში სამუშაო ვიზიტით მყოფი გიორგი ბარამიძე ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის მიწვევით უკრაინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამრეწველო რეგიონს, ლუგანსკის ოლქს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს ბიზნეს-წრეებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.