დღეს საკრებულოს რესპუბლიკელი წევრი თინათინ ხიდაშელი დასუფთავების სამსახურში არსებულ პრობლემას გამოეხმაურა.
მისი თქმით, რამდენიმე თვეა, დედაქალაქის საკრებულოში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა საჩივარი მასში გამეფებული განუკითხაობის, დისკრიმინაციისა და შრომითი უფლებების დარღვევის შესახებ შედის.
ხიდაშელი აცხადებს, რომ თანამშრომლებს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ათავისუფლებენ. ამასთან, სამედიცინო დაზღვევა მხოლოდ საარჩევნოდ მისცეს. გარდა ამისა, მათ იანვრიდან სამუშაო ფართობი მოუმატეს, ხელფასი კი შეუმცირეს.
"განსაკუთრებით სარისკოა ამ სამსახურის სამი თანამშრომლის ბედი, რომლებიც სამსახურის პოლიტიკას აკრიტიკებდნენ. წარსულში ასეთი "მეამბოხე" თანამშრომლები გაათავისუფლეს, დღეს კი მსგავსი პრობლემის წინაშე ლალი მამოევა, ზარა მუსაევა და დალი ხვადაგიანი აღმოჩნდნენ,"_აცხადებს ხიდაშელი.
დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა უფლებების დასაცავად თინა ხიდაშელი თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა კომისიას, სახალხო დამცველს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტს მიმართავს.
თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს დასუფთავების სამსახურის სამი თანამშრომელიც წარუდგინა. თანამშრომლების თქმით, ქალაქის მთავრობამ მათ გამწვანების სამსახურის ფუნქციაც დააკისრა და ეთნიკური ნიშნითაც დევნიან.
როგორც დასუფთავების სამსახურის ყოფილმა ბრიგადირმა ნუგზარ ქანთარიამ აღნიშნა, 3500 თანამშრომელი მონურ მდგომარეობაში იმყოფება, ამიტომ ისინი დასუფთავების სამსახურის უფროსის ტარიელ ხიზანიშვილის გადადგომას მოითხოვენ.