ოფიციალური თბილისი დიმიტრი მედვედევის მიერ "საქართველოს კონტროლზე" აყვანის შესახებ საგანგებო დავალების გაცემას "სახიფათოდ" მიიჩნევს.
"რუსეთის ხელისუფლების ძალიან აპრობირებული მეთოდი და ცნობილი ხერხია საბოტაჟითა და ტერაქტებით საკუთარი პოლიტიკური მიზნების განხორციელება, რაც საქართველოს საკუთარ თავზე არაერთხელ უწვნია. რასაკვირველია, სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ასეთ პროვოკაციულ განცხადებებს, რადგან ჩვენი გამოცდილებით, ისინი რუსეთის მხრიდან ძალიან სახიფათო საქმიანობას უსწრებენ ხოლმე წინ", - განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
აღნიშნულის კონტექსტში, მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, "ასეთი ტიპის განცხადებებს განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ".
"პრეზიდენტ მედვედევის განცხადება არის ის განცხადება და ისეთივე შინაარსის ბრალდება, როგორიც საქართველის მისამართით აქამდეც ხშირად გაჟღერებულა. იმ ფონზე, როცა ყველასთვის საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ სოჭის ოლიმპიადის მოსამზადებელი სამუშაოები საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევით და უგულვებელყოფით მიმდინარეობს, ეს განსაკუთრებით ცინიკურ ხასიათს ატარებს, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ პროვოკაციული განცხადება კეთდება უმაღლესი ტრიბუნიდან, რაც ძალიან სახიფათოა და ნიშნავს იმას, რომ მას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ", - განმარტა კალანდაძემ.
გარდა ამისა, საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული განცხადებით "რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამალებული შეიარაღების გაზრდის გამართლებასა და სამომავლოდ მისი კიდევ უფრო გაფართოებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების მომზადებას ცდილობდეს".
როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი არ გამორიცხავს, რომ სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან "პროვოკაციებს" ჰქონდეს ადგილი, რის კონტექსტშიც, მან ქვეყნის უშიშროების საბჭოს საქართველოს განსაკუთრებულ კონტროლზე აყვანის დავალება მისცა.