19 ივლისის ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბალისტიკური შეტევა განახორციელა. დედაქალაქსა და კიევის ოლქში ერთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ 16 კი დაშავდა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელი დაწერა.
ზელენსკის თქმით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს, რომელთა უმეტესობის სამიზნე კიევი იყო. გარდა ამისა, თავდასხმისას გამოყენებული იყო 120 დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვა უკრაინის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება და პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და მათთვის განკუთვნილი ჩამომგდები რაკეტების მიწოდების დაჩქარებისკენ მოუწოდა.
"მთელი კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაახლოებით 1 450 დამრტყმელი დრონი, 1 640-ზე მეტი მართვადი საავიაციო ბომბი და 99 სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა. დაშავებულები არიან ოდესისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ნგრევაა სუმისა და ჩერნიგოვის ოლქებში. ამავე კვირაში რუსეთის თავდასხმების სამიზნე იყვნენ ასევე ვინიცის, დნიპროპეტროვსკის, დონეცკის, ჟიტომირის, კიროვოგრადის, მიკოლაივის, პოლტავის, ხარკოვის, ხერსონისა და ჩერკასის ოლქები.
ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვა ახლა ჩვენი მუდმივი და უმთავრესი პრიორიტეტია. ჩამომგდები რაკეტები ყოველდღიურად გვჭირდება და მადლობელი ვარ ყველას, ვინც ჩვენს შეთანხმებებს პასუხისმგებლობით ეკიდება და ანტიბალისტიკური თავდაცვის საშუალებების მიწოდებას უზრუნველყოფს. ეს პაკეტები რუსეთის ყოველი მასშტაბური თავდასხმის დროს ფაქტობრივად გადარჩენილი ადამიანების სიცოცხლეა.
ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ ანტიბალისტიკური თავდაცვის გაძლიერებასთან ერთად რუსეთზე ზეწოლაც გაგრძელდეს. ახალი გადაწყვეტილებების გაჭიანურება მოსკოვს საშუალებას აძლევს, დაგეგმოს არა მხოლოდ ახალი თავდასხმები ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, არამედ მოიფიქროს გზები, როგორ აირიდოს ახალი სანქციები. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება", - წერს ზელენსკი.