უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ამერიკელ კანონმდებლებს, რომლებიც აშშ-ის კონგრესში გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერაზე მუშაობენ. დოკუმენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებას ითვალისწინებს.
„მადლობელი ვარ ყველა ამერიკელის, ვინც ახლა მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ამ ომის გამო სანქციებისა და სხვა სახის ზეწოლის გაძლიერებას ითვალისწინებს. სენატორი ლინდსი გრემი დიდ ძალისხმევას დებდა ძლიერი კანონპროექტის მოსამზადებლად და ეს საკითხი ჩვენს შეხვედრებზეც არაერთხელ განგვიხილავს. მახსოვს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს მისთვის. ამ ინიციატივას მართლაც შეუძლია გააძლიეროს არსებული ბერკეტები, რომლებიც რუსეთს დიპლომატიისა და მშვიდობისკენ უბიძგებს. ყველაფერი, რაც რუსეთის შემოსავლებს ამცირებს, ამცირებს უკრაინისა და თავად სიცოცხლის წინააღმდეგ წარმოებული მისი ომის ხანგრძლივობასაც“, - დაწერა ზელენსკიმ Telegram-ზე.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის როლს მშვიდობის მიღწევის პროცესში.
„ძალიან ვაფასებ, რომ თეთრი სახლი ამ კანონპროექტის აუცილებლობას ხედავს. ამერიკის პრეზიდენტი სწორედ ის ადამიანია, რომლის ძალასაც შეუძლია მშვიდობის მოახლოება. ყველაფერი, რაც რეალურად აძლიერებს მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობას, სასარგებლოა. მადლობა!“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, აშშ-ის სენატში უკვე დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ახალი, მასშტაბური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. დოკუმენტის შემუშავებას ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ლინდსი გრემი ხელმძღვანელობდა. კანონპროექტს უკვე მხარი დაუჭირა 60-ზე მეტმა სენატორმა, მათ შორის რესპუბლიკელთა უმრავლესობის ლიდერმა ჯონ ტუნმა.