სოფელ ერგნეთში უახლოეს საათებში საქართველოსა და ოს სეპარატისტებს შორის ორივე მხარეს დაკავებული ადამიანების ერთმანეთისათვის გადაცემა უნდა შედგეს. სააგენტო ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საქართველოს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ამ ინფორმაციას ადასტურებს და აცხადებს, რომ ამჟამად ქართული მხარის წარმომადგენლები სოფელ ერგნეთში იმყოფებიან, თუმცა გაცვლის პროცესი ჯერ არ დაწყებულა.
"დიახ, ამჟამად ერგნეთში ვიმყოფებით, თუმცა გაცვლის პროცესი ჯერ არ დაწყებულა. როდესაც პროცესი დასრულდება ოფიციალურ კომენტარსაც მაშინ გავაკეთებთ", _ განუცხადა უტიაშვილმა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს".
თავის მხრივ, ამ ინფორმაციას ასევე ადასტურებს ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებული პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევი და აცხადებს, რომ ოსური მხარე ქართული მხარისათვის დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გადაცემისათვის მზადაა.
"სამხრეთ ოსეთის მხარემ ქართულ მხარეს შვიდი საქართველოს მოქალაქე უნდა გადასცეს, თავის მხრივ ქართული მხარიდანან ამავე რაოდენობის ჩვენი მოქალაქეების გადმოცემას ველით, მათ შორის კი არის 2008 წლის მოვლენების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ალან ხაჩიროვის მამა იური ხაჩიროვი", _ აცხადებს ჩოჩიევი.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული Aშეთანხმება ქართულ მხარესა და ოს სეპარატისტებს შორის 17 თებერვალს გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის სხდომაზე გადაწყდა.