გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში რეორგანიზაცია იგეგმება.როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განუმარტა, ცვლილებების თანახმად ერთმანეთისგან მკვეთრად გაიმიჯნება ბუნებრივი რესურსების მართვა და გარემოს დაცვა საკითხები, რის შედეგადაც გაჩნდება ორი ახალი სახელწოდების სამინისტრო - გარემოს დაცვის სამინისტრო და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
"წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცემა ყველა ის უფლება, რაც ბუნებრივი რესურსების მართვასა და სარგებლობასთან დაკავშირებულ პოლიტიკას უკავშირდება. ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციაში გადადის ნიადაგების კონსერვაცია და აღდგენა-გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხები, მიწების მიზნობრიობის განსაზღვრა კი საჯარო რეესტრის ფუნქცია გახდება", - აღნიშნა ხუროშვილმა.
რაც შეეხება სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას _ დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სამინისტროს გამოეყოფა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეუერთდება, ხოლო ნაპირდაცვის საკითხები ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს კომპეტენციაში შევა.
"ბუნებრივი რესურსების მართვა რამდენიმე სამინისტროზე გადანაწილდება მათი კომპეტენციის ფარგლებში, მაგრამ აქ წამყვანი მაინც ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო იქნება", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან საუბრისას მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.