დღეს, 21 თებერვალს, საქართველოს პარლამეტის ბიუროს სხდომაზე გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის საკითხი გავა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განუცხადა.
ხვალინდელ ბიუროს სხდომაზე ასევე მიმდინარე კვირას პლენარულ სხდომაზე გასატან საკითხებსაც დაამტკიცებენ.
შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაშლის გადაწყვეტილება მთავრობამ პრეზიდენტის დავალებით მიიღო.
პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის განმარტებით, გარემოს დაცვა და ეკოლოგია სამინისტროს შემადგენლობაში რჩება ხოლო ბუნებრივი რესურსები და ლიცენზირება ენერგეტიკის სამინისტროს შეუერთდება. შესაბამისად, ენერგეტიკის სამინისტროს პროფილი იცვლება და მას ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკის სამინისტრო დაერქმევა.
ასევე ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება დაცული ტერიტორიების სააგენტო სამინისტროს გამოეყოფა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის სახით შეუერთდება.