უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ ომის პირობებშიც შეასრულა ევროკავშირის მიერ დაწესებული ყველა მოთხოვნა მოლაპარაკებების ყველა კლასტერის გასახსნელად. ამიტომ იმედოვნებს, რომ პოლონეთი და უნგრეთი, მიუხედავად უთანხმოებებისა და რთული ურთიერთობებისა, უკრაინის ევროინტეგრაციას არ დაბლოკავენ.
ამის შესახებ ზელენსკიმ ირლანდიის პრემიერ-მინისტრ მაიკლ მარტინთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრეზიდენტს ჰკითხეს, როგორ აპირებს უკრაინა დაარწმუნოს უნგრეთი, რომლის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი სკეპტიკურად უყურებს უკრაინის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას, და პოლონეთი, რომელთანაც ისტორიულ საკითხებზე უთანხმოება გამწვავდა, მხარი დაუჭირონ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დარჩენილი ხუთი კლასტერის გახსნას.
ზელენსკიმ უპასუხა, რომ ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის ერთსულოვნების იმედი აქვს, რადგან უკრაინამ შეასრულა ყველაფერი, რასაც ბრიუსელი მისგან ითხოვდა.
„ორბანისა და ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. იმედი მაქვს, რომ პეტერ მადიარიც ამას მხარს უჭერს. ასევე იმედი მაქვს, რომ პოლონეთის მთავრობაც მხარს დაგვიჭერს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ როდესაც ყველასთვის საერთო წესები არსებობს და არა მხოლოდ პოლიტიკური ემოციები, უნდა გავაკეთოთ ის, რაც გასაკეთებელია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ უკრაინამ ევროკავშირის მოთხოვნები ომის პირობებშიც შეასრულა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მარტივი არ ყოფილა. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა იცავს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებსაც.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ყველა ქვეყნის ინტერესებშია, უკრაინა რაც შეიძლება მალე გახდეს ევროკავშირის წევრი“, - თქვა პრეზიდენტმა.
პოლონეთთან არსებული უთანხმოების კომენტირებისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ყურადღება წარსულზე კი არა, აწმყოზე უნდა გამახვილდეს.
„ჩვენ პოლონეთთან მეზობლები ვართ და ჩვენს ისტორიაში გარკვეული სირთულეები არსებობს. თუმცა მსგავსი პრობლემები წარსულში ბევრ ქვეყანას ჰქონია. დღეს კი ჩვენ აწმყოში ვცხოვრობთ, აგრესიის წინაშე ვდგავართ და ახლა ერთიანები უნდა ვიყოთ. ჩვენ ევროკავშირს ვიცავთ და ჩვენი ხალხის მომავალ უსაფრთხოებაზე უნდა ვიფიქროთ. ვფიქრობ, ნებისმიერ საკითხზე შეიძლება პასუხის პოვნა, თუ გვინდა, რომ ძლიერი მეზობლები ვიყოთ და მზად ვართ, ეს პასუხები ერთად ვიპოვოთ“, — განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინა მზად არის, მეზობელი ქვეყნებისთვის ძლიერი პარტნიორი და კარგი მეგობარი იყოს.
„იმედი მაქვს, ჩვენი მეზობლები მხარს დაგვიჭერენ“, - დასძინა ზელენსკიმ.