"ქრისტიან-დემოკრატები" სასჯელაღსრულების სამინისტროს მსჯავრდებულთა უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. პარტიის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დღეს მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა, რომლის თანახმადაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირობით ვადამდე გათავისუფლება პატიმართა მინიმალურ რაოდენობასაც არ შეეხო. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ქრისტიან დემოკრატებმა აცნობეს.
კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ ბაკურიძის განცხადებით, პატიმრობის შესახებ კანონის მე-40 მუხლის თანახმად, ყველა მსჯავრდებულს, დანაშაულის სიმძიმის მიხედვით, სასჯელის მოხდის გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ, ეკუთვნის პირობით ვადამდე გათავისუფლება.
„ქართულ პენიტენციურ სისტემაში ე.წ. უდოს პრინციპით მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლების ინსტიტუტის უმოქმედება პირდაპირ ლახავს მსჯავრ¬დე¬ბულთა უფლებებს. სასჯელაღსრულების 18 დაწესებულებაში მყოფი 23 800 პატიმრიდან პირობით ვადამდე გათავისუფლება 5 ათას მსჯავრდებულს, ანუ 21%-ს ეხება, რეალურად კი ერთი წლის განმავლობაში ეს წესი მხოლოდ 200 მსჯავრდებულს შეეხო, ანუ საერთო რაოდენობის მხოლოდ 0,04%-ს" - განაცხადა ბაკურიძემ.
მისივე თქმით, მსჯარვდებულთა შორის, რომლებსაც ეხებათ პირობით ვადამდე გათავისუფლება, არიან ხანდაზმული, მძიმე და განსაკუთრებით მძიმედ ავადმყოფი მსჯავრდებულები, ასევე ისინი, რომლებიც გასამართლებული არიან არაძალადობრივ დანაშაულზე და ვისაც არ დაურღვევიათ შიგა განაწესი.
„ქრისტიან-დემოკრატები" ყველა იმ მსჯავრდებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ, რომელთა საქმეებიც კანონით დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობაში მოდის.