სავიზო რეჟიმის გამარტივების შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიიდან საქართველოში ჩამოსულ მოქალაქეებს არც ერთი დანაშაული არ ჩაუდენიათ. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ვაშინგტონში, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ცენტრში გამართულ კონფერენციაზე: "აშშ-ს სტრატეგია სამხრეთ კავკასიასთან და კასპიის რეგიონთან მიმართებაში" განაცხადა.
"საქართველო ყურადღებით ადევნებს თვალყურს ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებს. გამარტივებული რეჟიმის შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიიდან საქართველოში ჩამოსულ მოქალაქეებს არც ერთი დანაშაული არ ჩაუდენიათ", - განაცხადა ვაშაძემ და აქვე დასძინა, რომ ამჟამად საზღვარს ყოველდღიურად 900 ავტომანქანა კვეთს.
ამასთან, მინისტრის თქმით, რაც უფრო მეტ დამატებით სამხედრო ძალას შეიყვანს რუსეთი რეგიონში, მით უფრო გართულდება ნორმალური სტრატეგიის განხორციელება განათლების სფეროში, ადამიანის უფლებათა, რელიგიის საკითხებში და ვითარება უფრო საშიში გახდება.