შეუძლებელია უკრაინელები და პოლონელები არ იყვნენ პარტნიორები და მეგობრები, რადგან ჩვენ მეზობლები ვართ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებაში სიძულვილი „მხოლოდ გარკვეულ რეიტინგებს მოემსახურება“.
„ეს არის პოლიტიკური ბრძოლა, რომელიც შეიძლება ძალიან ცუდ ესკალაციამდე მივიდეს. სიძულვილზე პოლიტიკური დივიდენდების მიღება შეუძლებელია. ჩვენ ახლა ვიცავთ პოლონეთს და ევროპას. ჩვენი ჯარისკაცები იღუპებიან. ჩვენი სამხედროები თავად ირჩევენ თავიანთი დანაყოფების გმირულ სახელებს, და მე, როგორც პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი, მათ უნდა დავუჭირო მხარი“, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ისტორიული საკითხების გარდა არსებობს „დღევანდელი დღის, ჩვენი არმიისა და მომავლის მიმართ პატივისცემა“.
„უკრაინის გარეშე პოლონეთს ვერავინ დაიცავს. უბრალოდ შეუძლებელია. თუ უკრაინა არ იქნება, დაცული პოლონეთიც აღარ იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ გააუქმებს უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფისთვის მინიჭებულ საპატიო „უკრაინის ამბოხებულთა არმიის“ გმირების სახელს, მიუხედავად პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის გადაწყვეტილებისა, მისთვის„თეთრი არწივის ორდენის“ ჩამორთმევის შესახებ.
შეგახსენებთ, პოლონეთის პრეზიდენტმა კარტოლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის შესახებ. ზელენსკიმ ნავროცკის ჯილდო ფოსტით გაუგზავნა.
ასევე, ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ განაცხადა, რომ პოლონეთს უბრუნებს მისთვის მინიჭებულ უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოს.
ამის შემდეგ პოლონეთის სახელმწიფო ჯოლდოზე უარი თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა და პოლონეთში უკრაინის ელჩმა, ვასილ ბონდარმა.
„თეთრი არწივის“ ორდენზე უარი თქვეს უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმაც: პეტრო პოროშენკომ, ლეონიდ კუჩმამ და ვიქტორ იუშჩენკომ.
ცნობისათვის, კაროლ ნავროცკის გადაწყვეტილებას ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება უძღოდა წინ, რომლის მიხედვითაც უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ სამხედრო ქვედანაყოფს „უკრაინის ამბოხებულთა არმიის“ გმირების სახელი მიენიჭა. პოლონური მხარისთვის აღნიშნული ორგანიზაცია, მეორე მსოფლიო ომის დროს ვოლინის ტრაგედიასთან ასოცირდება. ზელენსკის „თეთრი არწივის“ ორდენი 2023 წლის აპრილში პოლონეთის იმდროინდელმა პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის გადასცა.