აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, მხარს დაუჭერს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც ყველა კანდიდატს გაეცნობა.
„მომიწევს ვნახო, კიდევ ვინ იყრის კენჭს, მაგრამ ბიბი ძალიან მომწონს. დიდი ალბათობით, მას დავუჭერ მხარს“, - განაცხადა ტრამპმა ისრაელის საზოგადოებრივ მაუწყებელ სატელეფონო ინტერვიუში.
ამჟამად ნეთანიაჰუს მთავარ კონკურენტებად მიიჩნევიან ისრაელის თავდაცვის ძალების ყოფილი შტაბის უფროსი გადი აიზენკოტი და პარტია "იაშარის" ლიდერი, ასევე ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნაფთალი ბენეტი, რომელიც პარტია "თუგეზერს" ხელმძღვანელობს.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ნეთანიაჰუ „ძალიან კარგ საქმეს აკეთებს“, თუმცა „ცოტა უფრო რაციონალური უნდა იყოს“, რაც, სავარაუდოდ, ისრაელის მიერ ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციებს ეხებოდა.
ბოლო დღეებსა და კვირებში ტრამპმა ნეთანიაჰუს მიმართ არაერთი მწვავე განცხადება გააკეთა, თუმცა ამავე დროს მათ ურთიერთობას „ძალიან კარგი“ და „წარმოუდგენელი“ უწოდა.
ირანთან ამ კვირაში გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმზე საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ „ისრაელელებმა ამ შეთანხმებას მხარი უნდა დაუჭირონ, რადგან ჩვენ ისრაელის წინააღმდეგ ბირთვული საფრთხე მოვხსენით“.
„დონალდ ტრამპი რომ არა, ისრაელი დღეს აღარ იარსებებდა. ისინი პლანეტიდან იქნებოდნენ წაშლილები“, - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ირანის მაღალგამდიდრებული ურანის მარაგების საკითხი, რომელიც მემორანდუმის ფარგლებში შემდგომი მოლაპარაკებების საგანი უნდა გახდეს, „გულწრფელად რომ ვთქვათ, ძალიან უმნიშვნელოა“.
„ის მთის ქვეშ არის დამარხული, იქამდე ჩვენ გარდა ვერავინ მიაღწევს. ის უსაფრთხოდ არის შენახული და საჭირო დროს მას დავიბრუნებთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.