"ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, თუ ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი. მთავარია, რევოლუციის მეშვეობით სააკაშვილის გადადგომას მივაღწიოთ," _ ამის შესახებ დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "კორესპონდენტ.ნეტ"-ის ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა, რომელიც დაინტერესდა, თუ როდის გახდებოდა ბურჯანაძე საქართველოს პრეზიდენტი.
ამასთან, ბურჯანაძის თქმით, საქართველოში ოპოზიციის არავითარ საერთო კანდიდატზე საუბარი არ შეიძლება იყოს.
"არჩევნები ჰორიზონტზეც კი არ ჩანს. ამასთან, მივიჩნევ, რომ საერთო კანდიდატი_მთლად კარგი გადაწყვეტილება არ არის. თავის დროზე სწორედ ეს გახდა ჩვენი საბედისწერო შეცდომა, როცა ზურაბ ჟვანიასთან ერთად გავერთიანდით, დავუთმეთ საერთო კანდიდატს ადგილი და მოვიგეთ არჩევნები," _ აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
ბურჯანაძის თქმით, ზურაბ ჟვანიასა და მისი მონაწილეობით მიღწეული გამარჯვება სააკაშვილმა საკუთარ წარმატებად წარმოაჩინა.
"სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ არჩევნებში 87%-ის მიღება მისი დამსახურებაა", _ აცხადებს "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი.
მისივე აზრით, პირველ რიგში, ქართველმა ერმა ამ ხელისიფლების მშვიდობიანი გზით გაცილებას უნდა მიაღწიოს, შემდეგ კი მშვიდობიანი არჩენებით ახალი ხელისუფლება უნდა მოვიდეს.
რაც შეეხება ბურჯანაძის რეიტინგს საკუთარ ხალხში, ამაზე კომენტირებისგან "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი თავს იკავებს და აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 15 % მიიჩნევს თავს ბედნიერად. 45%_მძიმე მდგომარეობაშია და მომავლის პერსპექტივას ვერ ხედავს, დანარჩენებმა კი გამოკითხვისას თავი შეიკავეს.
შეგახსენებთ, "კორესპონდენტ.ნეტ"-ის კორესპონდენტს "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ინტერვიუ კიევში ყოფნისას მისცა.