უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინის თავდაცვის ძალების დანაყოფებს, რომლებმაც 16 ივნისს, მისი თქმით, წარმატებით დაარტყეს რუსეთის სამხედრო ობიექტს - მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას.
"დარტყმა განხორციელდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, დაახლოებით 500 კილომეტრის მანძილზე.
მადლობა უსაფრთხოების სამსახურის, სპეციალური ოპერაციების ძალების, სპეცდანაყოფებისა და სარაკეტო ჯარების სამხედროებს შედეგიანი მუშაობისთვის.
რუსეთი იძულებული უნდა გახდეს დაასრულოს ომი ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. უკრაინის შორი მოქმედების იარაღი ამ იძულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
ეს არის სამართლიანი პასუხი რუსეთის დარტყმებზე და პასუხი იმ ომის გაჭიანურებაზე, რომელიც უნდა დასრულდეს", - წერს ზელენსკი.
უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალები აღნიშნავს, რომ მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს რუსეთის დედაქალაქისა და ცენტრალური რეგიონისთვის.
მათი მონაცემებით, საწარმოს საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 12 მილიონ ტონა ნავთობია, ხოლო გადამუშავების დონე 85%-ს აღწევს.
ქარხანა უზრუნველყოფს მოსკოვის ბენზინის მოთხოვნის დაახლოებით 40%-ს და დიზელის საწვავის დაახლოებით 50%-ს. ასევე ის წარმოადგენს მნიშვნელოვან რგოლს მოსკოვის საავიაციო ჰაბისთვის საწვავის მიწოდების ლოჯისტიკაში.
მანამდე რუსულმა მხარემ განაცხდა, რომ 16 ივნისის დილას მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა. მოსკოვის მერის თქმით, ქალაქში დაზიანდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ადგილზე ხანძარი გაჩნდა.
ქარხნიდან კრემლამდე დაახლოებით 15 კილომეტრია.
ამავე პერიოდში "როსავიავიამ" დროებითი შეზღუდვები დააწესა მოსკოვის აეროპორტებში - დომოდედოვოშო, შერემეტიევოშო, ვნუკოვოსა და ჟუკოვსკში (რამენსკოე).