მოსკოვი სკეპტიკურადაა განწყობილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებების მიმართ რუსეთთან დიალოგის დაწყების შესახებ, რომელიც მან საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა გააკეთა.
მისი თქმით, ეს საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან პირველი განცხადება როდია, რომელშიც იგი რუსეთთან დიალოგის დაწყების შესახებ სურვილს გამოთქვამს.
"მიმაჩნია, რომ ამგვარი განცხადებების აღქმა სერიოზულად ნაკლებად შეიძლება, თუნდაც იმიტომ, რომ მათ ყოველთვის თან ახლდა და ახლაც თან ახლავს უხეში ანტირუსული რიტორიკა და კონფრონტაციულ და არადიპლომატიური გამოხტომები რუსეთის მისამართით. საკმარისია გავიხსენოთ მისი გამოსვლა ახლახან გახსნილი "პირველი საინფორმაციო კავკასიური" არხის პირდაპირ ეთერში, სადაც მან პირდაპირ უწოდა რუსეთს მტერი, რომელთანაც იძულებულია ისაუბროს და მის მიერ გაზეთ "Independent"-ისთვის მიცემული ინტერვიუ", _ განაცხადა ლუკაშევიჩმა და აღნიშნა, რომ სააკაშვილმა ახალ არხზე სიტყვით გამოსვლისას "მკრეხელურად დააკავშირა ერთმანეთთან მოსკოვში "დომოდედოვოს" აეროპორტში მომხდარი ტერაქტი, რომელმაც 36 ადამიანის სიცოცხლე წაიღო - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან რუსეთის მხრიდან. ამავე ინტერვიუში სააკაშვილი ამტკიცებდა, რომ რუსეთთან ომი დასრულებული არ არის".
"ასე რომ, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები, რომლებიც მან პარლამენტში გააკეთა, მხოლოდ მორიგი პიარაქციაა და მოუხერხებლად წარუმატებელი მცდელობაა თავისი თავის კონსტრუქციულ და მშვიდობისმოყვარე პოლიტიკოსად წარმოჩენისა", _ აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი.