აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ სამშვიდობო შეთანხმება არ გაფორმდება, შეერთებული შტატები ირანს „ძალიან ძლიერად“ დაარტყამს.
„გუშინ ირანს ძლიერად დავარტყით და დღესაც ძლიერად დავარტყამთ,“ - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში. მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზია ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის Apache-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენის ჩამოგდება.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აშშ ირანიდან ნავთობის გატანას ახორციელებს. მისი თქმით, ეს ხელს უწყობს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების სტაბილიზაციას.
„დღეს პირველად ვაცხადებ, მაგრამ ჩვენ უკვე ვიღებთ მილიონობით ბარელ ნავთობს - ყოველ ღამეს მილიონობით ბარელს,“ - თქვა ტრამპმა და დაამატა, რომ ირანმა ეს მხოლოდ ახლა გააცნობიერა.
ტრამპის განცხადებით, სწორედ ამ ოპერაციების გამო ნავთობის ფასი $250-ის ნაცვლად $85–90-ის ფარგლებშია.
მან დამატებითი დეტალები ამ ოპერაციების შესახებ არ გაამხილა.
ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ კვლავაც ცდილობს შეთანხმების მიღწევას ირანთან:
„ჩვენ გვინდა მნიშვნელოვანი შეთანხმება, გვინდა შეთანხმება, რომელიც იმუშავებს,“ - თქვა მან ირანთან მოლაპარაკებებზე საუბრისას.