"რამდენადაც არაადეკვატური იქნება რუსეთის ხელისუფლება თავისი მოქალაქეებისა და მეზობლების მიმართ, იმდენად გაიზრდება ამ ქვეყანაზე ევროსტრუქტურების მხრიდან ზეწოლა", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა ევროპარლამენტის მიერ რუსეთზე რეზოლუციის მიღების შეფასებისას აღნიშნა.
"ამ რეზოლუციას როგორც პოლიტიკური მნიშვნელობა, ასევე გარკვეულწილად სამართლებრივი დატვირთვაც აქვს. ეს არის უშუალო მიმართვა ევროკავშირის ხელმძღვანელობისადმი, რომ რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებათა მასობრივ დარღვევას ყურადღება მიექცეს", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
მისი შეფასებით, ევროკავშირს აქვს ბერკეტები, რომელიც უნდა აამოქმედოს, თუკი ვითარება სწრაფად და რადიკალურად არ შეიცვლება.
"არსებათად, ეს არის მინიშნება რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე. ბუნებრივია, ეს მძიმე თემაა ევროკვაშირისთვის, მაგრამ რამდენადაც არაადეკვატური იქნება რუსეთის ხელისუფლება თავისი მოქალქეებისა და მეზობლების მიმართ, იმდენად გაიზრდება ზეწოლა ევროსტრუქტურების მხრიდან ამ ქვეყანაზე", - აღნიშნა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგში გამართულ სხდომაზე ევროპარლამენტმა მკაცრი რეზოლუცია მიიღო "რუსეთში კანონის უზენაესობის" შესახებ.
"რამდენიმე სასამართლო პროცესმა და უკანასკნელი წლების სამართალწარმოებამ ეჭვქვეშ დააყენა რუსეთის ფედერაციის სასამართლო ინსტიტუტების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა", _ ნათქვამია რეზოლუციაში.