ივანიშვილისთვის ახლა პირადი ერთგულება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა პრინციპი. ის ახლა გარშემორტყმულია მხოლოდ იმ ადამიანებით, რომლებიც მას ეუბნებიან იმას რაც მის ყურს ესიამოვნება. მას სჭირდება საჯარო ქება და საჯარო ერთგულების დემონსტრირება, რადგან ძალაუფლების დაკარგვის შიშმა გახადა პარანოიდული და აღარავის ენდობა ახლო გარემოცვიდან. კრიტიკული აზრი ახლობლისგან მისთვის უკვე ღალატია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
ჯაფარიძე ეხმიანება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დღევანდელ ბრიფინგს.
"ორი სიტყვა კობახიძის დღევანდელ პანეგირიკზე:
კობახიძე და სხვები რომ ამის და უარესების მთქმელები და გამკეთებლები არიან, ამაში ახალი არაფერია. უფრო საინტერესოა ადამიანი რომელიც ამის კეთებას აიძულებს საკუთარ მონებს - გროსმეისტერი.
როდესაც ბელადი იწყებს საჯარო ქების მოთხოვნას თავისი მინისტრებისგან, პარლამენტარებისგან, მოსამართლეებისგან, ბიზნესმენებისგან თუ სხვებისგან, ეს არის დაუცველობის განცდის შედეგი. თავდაჯერებული ბელადები ითხოვენ შედეგებს. საჯარო ქება-დიდებას ითხოვენ ისინი, ვისაც ეშინია კონტროლის და ძალაუფლების დაკარგვის.
გროსმეისტერი რომ არ აიძულებდეს ამის კეთებას ან, მითუმეტეს, არ სიამოვნებდეს ვაზელინის სუნი, კობახიძე ბრიფინგიდან 15 წუთში დაქნეული იქნებოდა.
ივანიშვილისთვის ახლა პირადი ერთგულება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა პრინციპი. ის ახლა გარშემორტყმულია მხოლოდ იმ ადამიანებით, რომლებიც მას ეუბნებიან იმას რაც მის ყურს ესიამოვნება. მას სჭირდება საჯარო ქება და საჯარო ერთგულების დემონსტრირება, რადგან ძალაუფლების დაკარგვის შიშმა გახადა პარანოიდული და აღარავის ენდობა ახლო გარემოცვიდან. კრიტიკული აზრი ახლობლისგან მისთვის უკვე ღალატია.
ეს ემართებათ ავტოკრატებს/დიქტატორებს ძალაუფლების კონსოლიდაციის გარკვეულ ეტაპზე. თუ დასაწყისში ისინი დგანან სტაბილურობის, კეთილდღეობის, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების და მსგავს დაპირებებზე, მოგვიანებით, როცა ამ დაპირებებს უკვე აღარავინ “ჭამს”, ისინი სულ უფრო მეტად ხდებიან დამოკიდებული პროპაგანდაზე, შიშსა და ბელადის განდიდებაზე.
დიქტატურაში რაც უფრო ხშირი და ყოვლადტრა&შიშემძრომია ბელადის ქება-დიდება, მით უფრო ნაკლებია მისი რეალური საზოგადოებრივი მხარდაჭერა.
ისტორიული კანონზომიერებაა რომ როდესაც რეჟიმი იწყებს მიღწევების ჩანაცვლებას ბელადის პანეგირიკით, ის როგორც წესი შედის არსებობის მყიფე ფაზაში. მიუხედავად იმისა რომ გარედან შეიძლება სისტემა მყარი და მონოლოითური ჩანდეს, სინამდვილეში ის სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული ერთ ადამიანზე და მას სულ უფრო ეშინია სიმართლის.
სადღაც მანდ ვართ ახლა", - წერს ზურაბ ჯაფარიძე.
ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა: "პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცებაში ბიძინა ივანიშვილის როლი სრულიად განსაკუთრებულია. რამდენჯერმე ვთქვი და ერთხელ კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმეისტერი და მას უყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა. მისი პოლიტიკური წონა სწორედ ამ ორ ძირითად ფაქტორს ეფუძნება: გამორჩეულ ინტელექტს და უანგარო პატრიოტიზმს".