საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის მიხედვით, ქვეყნის უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შიდა პოლიტიკური პროცესები.
"საერთაშორისო სისტემის დინამიკურ განვითარებასთან ერთად, საქართველოს უსაფრთხოების გარემოს ფორმირებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შიდა პოლიტიკური პროცესები. საქართველოს დემოკრატიული მონაპოვარის განმტკიცება რეფორმების გაგრძელების გზით, დადებითად აისახება სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიუტების სტაბილურობაზე და გაძლიერებაზე. ქვეყნის სტაბილურობისა და შემდგომი განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკის განვითარებას და ლიბერალური ეკონომიკური რეფომების გატარებას. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური შესაძლებლობაა ქვეყნისთვის. საქართველოზე გამავალი სატრანზიტო-სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნის შემდგომი განვითარება დამატებით წაახალისებს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და დადებითად აისახება ქვეყნის უსაფრთხოებაზე", - აღნიშნულია დოკუმენტის პროექტში.
კონცეფციის მიხედვით, საქართველოს 2010 წლის "ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის" მიზანია, უსაფრთხოების გარემოს თავისებურებების გათვალისწინებით, განსაზღვროს სახელმწიფოს უსაფრთხოების პოლიტიკის ის პრიორიტეტები, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული ინტერესების რეალიზებას და ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე არსებულ საფრთხეებთან გამკლავებას.