უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პირველი ლედი ოლენა ზელენსკა 9 ივნისს ესტონეთს ეწვევიან. ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს ნორდიკულ-ბალტიური რვიანის (NB8) სამიტში.
მედიის ცნობით, ასევე დაგეგმილია შეხვედრები ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისთან და პრემიერ-მინისტრ კრისტენ მიხალთან.
მხარეები განიხილავენ ესტონეთსა და უკრაინას შორის თანამშრომლობას, მათ შორის თავდაცვითი ინდუსტრიის განვითარებას, უკრაინის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების პროცესს, ევროპის უსაფრთხოების მომავალს, რუსეთის პასუხისმგებლობას აგრესიისა და სამხედრო დანაშაულებისთვის, რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებასა და რუსეთში იძულებით გადაყვანილი უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საკითხს.
„პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტი ესტონეთში იმ დროს იმართება, როდესაც ევროპის უსაფრთხოების მომავალი წყდება. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა და ევროპა ჩართული იყვნენ ყველა იმ მოლაპარაკებაში, რომელიც მათ ეხება.
ესტონეთი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ უკრაინელმა ხალხმა ევროპულ ოჯახში გაწევრიანების მკაფიო და რეალისტური გზა დაინახოს.
ეს არის სტრატეგიული ინვესტიცია ევროპის უსაფრთხოებაში,“ - განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა.