აღმასრულებელ ხელისუფლებაში მორიგი ცვლილება განხორციელდა და როგორც ამბობენ, წლის ბოლომდე არა უკანასკნელი. ერთ კვირაში ორი სტრატეგიული - სამხედრო და ეკონომიკური უწყების ხელმძღვანელები გამოიცვალა. ყოფილმა დიპლომატებმა დავით სიხარულიძემ და ლაშა ჟვანიამ, როგორც ხელისუფლებაში ითქვა, ვერ გაამართლეს... "გაამართლებენ" თუ არა ბაჩო ახალაია და ზურაბ პოლოლიკაშვილი, ვის წინააღმდეგ საბრძოლველად ამზადებს ჯარს ხელისუფლება - რუსეთის თუ საშინაო "მტრის" და შესძლებს თუ არა ინვესტიციების მოზიდვის მხრივ ყველაზე წარმატებული ყოფილი ელჩი ეკონომიკური რეფორმების გატარებას. ამ საკითხებზე "ჯი-ეიჩ-ენი" პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა...
- ბატონო სოსო, საქართველოს მთავრობაში მორიგი საკადრო ცვლილებები განხორციელდა. შეიცვალა მხოლოდ ცხრა თვის წინ დანიშნული ორი მინისტრი. როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგია მინისტრთა კაბინეტის ხშირი გადახალისება მათი მუშაობის ეფექტურობისთვის?
- თავისი წესები ფეხბურთსაც აქვს და ერთი მატჩის განმავლობაში მაქსიმუმ სამი ფეხბურთელის შეცვლა შეიძლება. მთავრობის ცვალებადობა მისი ხელმძღვანელის ხედვაზეა დამოკიდებული და რაც ნაკლებია დემოკრატია ქვეყანაში, მით მარტივია ასეთი ცვლილებების განხორციელება.
როგორც იქნა, ერთხელ გვაღირსეს და თქვეს, რატომ შეცვალეს ლაშა ჟვანია, მაგრამ არავინ საუბრობს იმაზე, თუ რატომ წავიდა დავით სიხარულიძე. პროცესის გაუმჭვირვალობა, როგორც ნათქვამია, "ვნებს ჯერ ხორცსა და მერმედ სულსა" და ქვეყანას ვერაფერს სასიკეთოს უქადის.
საზოგადოებაში დადიოდა ხმები, რომ სწორედ ბაჩო ახალიას გამო გადადგა ომის შემდეგ მოწვეული გენერალური შტაბის უფროსი, ახალაიასთან შეუთავსებლობა იყო მიზეზი სიხარულიძის წასვლისა და სწორედ ის გახლდათ ამ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე ზოგიერთი სხვა მაღალი რანგის მოხელის მიერ უარის თქმის მიზეზი. ეს ხმები ან უნდა უეარყო ვინმეს, ან გვაფიქრებინებს, რომ ეს გადაწყვეტილება ჩაფიქრებული იყო ომის დამთავრებისთანავე და შემთხვევით არ მომხდარა, რომ ბატონი ახალაია თავდაცვის სამინისტროში ჯერ მოადგილის რანგში აიყვანეს. მიზეზი მარტივია: მაშინ როცა პოლიცია მოთვინიერებულია და სადამსჯელო ღონისძიებებისას სმენას ატკბობს "მიშა, მიშას" სკანდირებით, ამას ქართული ჯარი არ აკეთებს. ახლა, ალბათ ჩანაფიქრი ასეთია, რომ ქართულმა ჯარმაც იგივეს სკანდირება დაიწყოს, მაგრამ შეეშინდება თუ არა მტერს "მიშა, მიშასი", ვერაფერს გეტყვით.
აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე წელია, რაც თავდაცვის მინისტრის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება მხოლოდ ავლაბრის რეზიდენციაში არ მიიღება. ჩვენ ვიცით, რომ ეს გადაწყვეტილება თანხმდება თეთრ სახლთან და ვაშინგტონში. ახლა ვაცნობიერებთ იმასაც, რომ თეთრი სახლი არის მოსკოვშიც, ოღონდ იქ პრეზიდენტი არ ზის. მოსკოვის თეთრ სახლში რუსეთის პრემიერ-მინისტრის ადგილსამყოფელია. როცა ვაანალიზებთ, ვის ინტერესებშია ქართული ჯარი, გამწარებული და გაბრაზებული საკუთარ ხელმძღვანელობაზე, მგონი პასუხი მარტივია - არა სტრატეგიული პარტნიორის, არამედ ისტორიული მტრის.
რატომ მოხდა ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, ჩვენ მალე ვნახავთ. უკვე ვნახეთ, რა სიკეთე მოუტანა ქვეყანას სარდალმა კეზერაშვილმა, რომელიც დაახლოებით იგივე ფუნქციებით იყო აღჭურვილი და იგივე მოტივაციით წარმოჩენილი თანდაცვის მინისტრად, როგორც ახალაია, თუმცა მას იდეოლოგიაზე მეტად ფინანსების კურირების ამოცანა ჰქონდა, რაც მან ბრწყინვალედ შეასრულა. ვნახოთ, წინასწარ ყველაფრის თქმა მიჭრის, მით უმეტეს, ამ ჩემი შეფასებით, ვცდილობ ნამუსი მოვწმინდო ვაშინგტონის თეთრ სახლს ქართველი ხალხის წინაშე.
- პრეზიდენტმა თავდაცვის ახალ მინისტრს აგრესორი ქვეყნისგან დასაცავად საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადების და მზადყოფნის ამაღლების დავალება მისცა. როგორ ფიქრობთ, ახალაია ამას შესძლებს?
- ბაჩო ახალაის საინტერესო გამოცდილება აქვს ცხოვრებაში. მისი ფიგურა საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი მაშინ გახდა, როცა ის სახალხო დამცველის მოადგილე აღმოჩნდა, სწორედ ხალხზე თავდასხმის საკითხებში. მისი ნატურა ადამიანის უფლებათა დაცვასთან იმდენად შეუთავსებელი იყო, რომ ამას თავად ხელისუფლება მიხვდა და ის იქ გაამწესეს, სადაც ადამიანურობის გამოვლინება ყველაზე ნაკლებად მოუწევდა - პატიმრები ჩააბარეს. პატიმრების მოთვინიერებაში დაოსტატებულ ადამიანს ახლა ახალი დავალება აქვს - ჯარისკაცებიც უნდა მოათვინიეროს ისე, რომ ისინი საკუთარი მთავარსარდლისთვის რაიმე ტიპის საფრთხეს არ წარმოადგენდნენ. ცხადია, ახლადგამომცხვარ მინისტრს პრეზიდენტისგან სამხედროების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება ამიტომაც და სრულიად საჯაროდ დაევალა. ქართული სარდლობის უმეცრების გამო ჩვენი სამხედროების სულისკვეთება მართლაც ძალიან დაქვეითდა და ეს 2008 წლის ზაფხულშიც გამოჩნდა.
- ბოლო პერიოდში მინისტრთა კაბინეტში ყოფილი დიპლომატები ჩნდებიან. გავიხსენოთ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გეგა მგალობლიშვილი, ლაშა ჟვანია, ახლა კი ზურაბ პოლოლიკაშვილი. როგორ ფიქრობთ, აღმასრულებელი ხელისუფლების დაკომპლექტებისას, რატომ აკეთებს ხელისუფლება აქცენტს დიპლომატიური მუშაობის გამოცდილების მქონე კადრებზე? სხვათა შორის, პრეზიდენტის განცხადებით, მათი მუშაობის წარმატებულობა იმით ფასდება, თუ რა მოცულობის ინვესტიციას მოიზიდავენ ქვეყანაში....
- მიმაჩნია, რომ ქვეყანაში უცხოური კაპიტალის მოზიდვასთან დაკავშირებით ცოტა მიამიტური ხედვა არსებობს. ითვლება, რომ ეს საქმე ყველა იმ ადამიანს გამოუვა, რომელიც უცხო ენებს კარგად ფლობს და ასაკით 30 წელს არ აღემატება. სწორია თუ არა კადრების ამ კრიტერიუმით შერჩევა, შედეგი გვაჩვენებს. დავუბრუნდები ისევ ბატონი კეზერაშვილის მაგალითს. მისი ასაკიდან გამომდინარე, როგორი მხედართმთავარიც გახლდათ, სამწუხაროდ, საკუთარ თავზე იგრძნო. ოქტომბერში 29 წლის იუბილეს უკვე თავდაცვის ახალ მინისტრს მივულოცავთ.
რაც შეეხება, მთავრობის შემადგენლობაში დიპლომატიური მუშაობის გამოცდილების მქონე პირების გამოჩენას, სასურველია მინისტრებს ეს გამოცდილება ჰქონდეს, მაგრამ არა აუცილებელი. არამგონია, ფიგურების ასეთი სიხშირით ცვლა, იმ მოჭადრაკის რაიმე ტიპის სიძლიერეზე მეტყველებდეს, რომელიც ამ ფიგურებით თამაშობს.
მიმაჩნია, რომ ყურადღება უნდა მიექცეს უფლებამოსილებებს და არა თანამდებობის მშვენიერ ჟღერადობას. ეკონომიკური განვითარების მინისტრს, მომიტევეთ, მაგრამ ვიდრე ქვეყანაში "ბენდონომიკა" ზეიმობს და ბენდუქიძე არის აზრთა გამრიგე თავად ქვეყნის პირველი პირისა (იმედი გვაქვს მხოლოდ ეკონომიკურ საკითხებში), ფუნქცია არ ექნება და იშვიათად, ალბათ, მას კიდეც შეახსენებენ, თავი მართლა მინისტრი ხომ არ ჰგონია...
სრულიად მკაფიოა დღევანდელი ეკონომიკური გუნდის, ბატონ ბენდუქიძის სახელობის მოხელეთა ნაკრების პოლიტიკური ნება - არ უნდა დამყარდეს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირთან - ეს არ შედის ბენდუქიძის ამოცანებში და ამას ბევრი საკანონმდებლო საკითხის იგნორირება ადასტურებს. მიკვირს, როგორ მივა ბოლომდე იგივე ვიზების გამარტივების საკითხი, როცა პარლამენტი მიგრაციის შესახებ კანონის მიღებას არ აპირებს.
- შს მინისტრი ცოტა ხნის წინ ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ მერაბიშვილმა იქ თითქმის ერთი თვე დაჰყო, ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ სერიოზული საკითხების მოსაგვარებლად ან შესათანხმებლად იმყოფებოდა. თქვენ რას ფიქრობთ?
- რასაკვირველია, საკითხის სპექტრი ფართო იქნებოდა, მაგრამ ისევ შედეგებით ვიმსჯელოთ. როგორც ჩანს, პენტაგონი და თეთრი სახლი საქართველოს თავადაცვის მინისტრის ახალი კანდიდატურის მიმართ არანაირ პროტესტს არ გამოხატავენ. ამავე დროს გაჟღერდა ინფორმაცია და ამას დაბეჯითებით არც არავინ უარყოფს, რომ საქართველო ერთ-ერთი იქნება 10-12 ქვეყანათაგან, რომელიც საკუთარ მამულში გუანტანამოს ციხის პატიმართა გარკვეულ რაოდენობას განათავსებს. თუ ასე მოხდა, ეს იქნება კიდევ ერთი დასტური ვაშინგტონისადმი დღევანდელი ხელისუფლების ერთგულებისა. ამ თემებზე ჩემი აზრით, მერაბიშვილისა და ამერიკელ მაღალჩინოსნებს შორის უთუოდ იქნებოდა საუბარი.
- სხვათა შორის, ეს ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო და გუანტანამოს ციხის პატიმართა ჩვენს ქვეყანაში შესაძლო ჩამოყვანა კატეგორიულად გამორიცხა...
- ძალიან კარგი, თუ ეს საკითხი დაისვა და ამაზე ვინმემ უარი განაცხადა. მაგრამ ნუ ვიჩქარებთ, როცა მასზე "ვაშინგტონ პოსტი" წერს, უკაცრავად, მაგრამ ვაშაძეზე უფრო მე "ვაშინგტონ პოსტს" ვენდობი.
- ოპოზიცია ისევ ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების მიმართ რეპრესიებზე საუბრობს, კვლავ საუბარია დიალოგის აუცილებლობაზე ორივე მხრიდან, თუმცა მხოლოდ საუბარია....
- დიახ, ხელისუფლება დიალოგის თემას საგარეო პროპაგანდის მოხმარებისთვის მუდმივად იყენებს და ამაში მან ოპოზიციაც აიყოლია. ახლა, ორივე დიალოგის აუცილებლობაზე საუბარს ერთამენთს ასწრებენ, თუმცა პროცესი არ მიმდინარეობს.
მიმაჩნია, რომ იმ ნდობის უფსკრულის პირობებში, რაც საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის არსებობს, არანაირ მოლაპარაკებას შედეგი არ მოჰყვება, თუ იგი ავტორიტეტული პოლიტიკოსის, ან დიპლომატის მონაწილეობით არ წარიმართა, რომელსაც აქვს სერიოზული საერთაშორისო ავტორიტეტი და წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის რომელიმე მეგობარ სახელმწიფოს. თუმცა, საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად წინააღმდეგია, რომ ამგვარი პრეცენდენტი დაუშვას და რომელიმე უცხოელი პოლიტიკოსი ან დიპლომატი, თუნდაც ყოფილი, ასეთი შეხვედრების მონაწილე და მოდერატორი იყოს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი იმ მოლაპარაკების შედეგი, რაც ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მომხდარა, არის მხოლოდ ის, რომ საქართველოში წვრილმანი ხულიგნობისთვის და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის სასჯელი, ნაცვლად 15 დღე-ღამისა, რაც სტალინის საბჭოთა კავშირში იყო და პუტუნის რუსეთში დღესაც იგივეა, ჩვენთან 90 დღიანი პატიმრობაა, ანუ 6-ჯერ უფრო მძვინვარეა სააკაშვილის სადამსჯელო სისტემა, სტალინის და პუტინის სადამსჯელო სისტემაზე.
- ნინო ბურჯანაძის საკუთრებაში არსებული წყნეთის აგარაკი, რომელიც მას პრეზიდენტმა სააკაშვილმა სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მიჰყიდა, რეალიზაციისთვის სავარაუდოდ, მალე აუქციონზე გავა... როგორ ფიქრობთ, პოლიტიკურ ბრძოლაში ყველა იარაღი მისაღებია?
- 2008 წლის ზაფხულიდან მოყოლებული მე ქალბატონ ნინოსთვის გადაცემული ერთლარიანი ქონება არაერთხელ შემიფასებია, როგორც დანაღმული ძღვენი და მარტივად ვასაბუთებდი, რომ ეს ძღვენი შესაძლოა, მალე აფეთქდეს. მოტივაცია ამ ძღვენის აფეთქებისა პრეზიდენტს რომ გაუჩნდებოდა, ამაში ეჭვი არასდროს შემპარვია.
რასაკვირველია, ნინო ბურჯანაძე დღეს გახლავთ ყველაზე უხერხული პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილისთვის, რადგან მან იცის, რომ ბურჯანაძემ იცის ყველაფერი, იცის უკეთ, ვიდრე სხვამ და სახელისუფლებო ელიტის წარმომადგენელთა დასახასიათებლად მას არანაირი მრჩეველი არ სჭირდება, რომ ბურჯანაძე ამ ფუნქციას დამოუკიდებლადაც შესანიშნავად გაართმევს თავს.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ლელა ბაღდავაძე