კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ უარის გამო წინააღმდეგობის პლატფორმის დოკუმენტში რამდენიმე ფუნდამენტურ საკითხზე, მათ შორის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე მკაფიო ჩანაწერი არ არის, რაც გაუმართლებელია
როგორც გვარამია წერს, პარტია „ახალი“ მზადაა, იმოქმედოს კოორდინაციის რეჟიმში ნებისმიერ პროდასავლურ აქტორთან მხოლოდ იმ დათქმით, რომ არ დარჩება არავითარი ბუნდოვანება და სივრცე ინტერპრეტაციისთვის.
„პარტია „ახალი“ ყოველთვის მისცემს შანსს კოორდინაციას და ერთიან ქმედებებს საქართველოს ინტერესებში, მაგრამ ფუნდამენტურ საკითხზე – სრული ართანამშრომლობა რეჟიმთან, მათ შორის: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი, არალეგიტიმურ კომისიებში სიარულზე უარი და მსგავს ქმედებებზე ბოიკოტის მკაფიო, ცალსახა მხარდაჭერის გარეშე, მეტიც, შეთანხმებაზე ხელმოწერაზე უარი სწორედ ამ საკითხებზე მკაფიო ჩანაწერის გამო და პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ ერთი კონკრეტული პარტიის (გახარია საქართველოსთვის) უარის გამო, ეს საკითხები საერთოდ არ დაფიქსირებულიყო წინააღმდეგობის პლატფორმის სადამფუძნებლო დოკუმენტში, არ მიგვაჩნია გამართლებულად. პარტია „ახალი“ მზადაა, იმოქმედოს კოორდინაციის რეჟიმში ნებისმიერ პროდასავლურ აქტორთან მხოლოდ იმ დათქმით, რომ არ დარჩება არავითარი ბუნდოვანება და სივრცე ინტერპრეტაციისთვის იმგვარ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რაც პოტენციურად შესაძლოა, ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმაციის საფუძველი გახდეს. ამ საკითხზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ სხვა წევრები თავად გააკეთებენ განმარტებას საკუთარ პოზიციასთან დაკავშირებით“, – წერს ნიკა გვარამია.