ღამით ჩვენმა დრონებმა დაახლოებით 1000 კილომეტრი დაფარეს და მიაღწიეს სანქტ-პეტერბურგამდე - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, უკრაინულმა დრონებმა ასევე დაახლოებით 500 კილომეტრი გაიარეს კრასნოდარის მხარის მიმართულებით და დაარტყეს ნავთობბაზას.
„ეს ომი უნდა დასრულდეს. მაგრამ რუსეთის ლიდერს ომის გაგრძელება სურს. ამიტომ მოქმედებს უკრაინის სანქციები ამ აგრესიის პასუხად.
გასულ ღამეს ჩვენმა დრონებმა დაახლოებით 1000 კილომეტრი დაფარეს სანქტ-პეტერბურგის რეგიონის მიმართულებით - მტრის საზღვაო ძალების არსენალებამდე და კრონშტადტის ბაზამდე.
ასევე ჩვენმა შორ მანძილზე მოქმედმა ‘სანქციებმა’ დაახლოებით 500 კილომეტრი გაიარეს კრასნოდარის მხარემდე და დაარტყეს ნავთობბაზას.
რუსეთმა უნდა დაასრულოს თავისი ომი და შეწყვიტოს დარტყმები მშვიდობიან ცხოვრებაზე. ნებისმიერი უსამართლობა უკრაინის მიმართ მიიღებს სამართლიან პასუხს,“ - წერს ზელენსკი
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დარტყმებზე ერთობლივად მუშაობდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალები, უსაფრთხოების სამსახური და სამხედრო დაზვერვა .
შეგახსენებთ: 6 ივნისის ღამეს რუსეთის რეგიონები და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები დრონების მასშტაბურ შეტევის ქვეშ მოექცნენ. დარტყმების შედეგად ნავთობბაზებზე ხანძრები გაჩნდა, ასევე დაფიქსირდა საპორტო ინფრასტრუქტურის დაზიანება მარიუპოლსა და კრონშტადტში.
კრონშტადტში დღეს დროებით შეიზღუდა გადაადგილება ქალაქში შესვლისა და გამოსვლის მიმართულებით. გამოცემა ASTRA-ს ინფორმაციით, შესაძლოა სამიზნე კრონშტადტის საზღვაო კადეტთა სამხედრო კორპუსი ყოფილიყო, თუმცა ოფიციალურ უწყებებს ამაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ცნობით, უსტ-ლაბინსკში დრონების შეტევის შემდეგ ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა. მათი თქმით, დაშავებულები არ არიან.