"დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრ თამარ ზაალაშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტრატეგიული დაგეგმვის ელემენტალური პრინციპებიც არ იცის.
"საქართველოს პრეზიდენტმა 2011 წლის 11 თებერვალს პარლამენტში წარდგენილ მოხსენებაში აღნიშნა: „ჩვენ ვიმოქმედებთ საქართველოს განვითარების გრძელვადიანი გეგმის მიხედვით და 2015 წელი არის ამ გეგმის პირველი შედეგების შეჯამების წელი". რომელ გრძელვადიან გეგმას გულისხმობდა პრეზიდენტი? იმ გეგმას, რომელიც პიარისთვის დასჭირდა, რომელიც არ არსებობს და მომავალშიც შეიძლება მხოლოდ მაშინ იარსებოს, თუ სააკაშვილს ხელისუფლების გახანგრძლივებისა და საქართველოს მოსახლეობის თვალის ახვევისათვის დასჭირდება, ისე როგორც ეს მან, მისი აზრით, სიტყვა „მოდერნიზაცია"- ზე აპელირებით მოახდინა? პრეზიდენტს ერთი სიტყვაც არ უთქვამს იმაზე, თუ რა შედეგებით შეხვდება საქართველო 2012 წელს. იგი გაურბის ამ პასუხისმგებლობას, მაშინ, როცა გაუსაძლისია საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა. პრეზიდენტმა უნდა იცოდეს სტრატეგიული დაგეგმვის ელემენტალური პრინციპები. საშუალოვადიან და გრძელვადიან დაგეგმვასთან ერთად, ხელისუფლებამ და უპირველეს ყოვლისა, საქართველოს პრეზიდენტმა საოპერაციო (ერთწლიან) დაგეგმვაზეც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, კერძოდ, იმაზე, თუ როგორია სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული პრიორიტეტები და რას ხმარდება ამ პრიორიტეტების განხორციელებისათვის გათვალისწინებულ პროგრამებზე, პროექტებსა თუ ღონისძიებებზე გამოყოფილი და გამოსაყოფი თანხები", - განაცხადა ზაალიშვილმა.
მისი თქმით, სტრატეგიული დაგეგმვა საქართველოში, პრაქტიკულად, ერთწლიან ჭრილშიც კი არ ხორციელდება და მოსახლეობის მიერ სისხლის ფასად გადახდილი გადასახადები პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის ფუფუნებასა და ქვეყანაში შექმნილი ავტოკრატიული რეჟიმის გაძლიერებას ხმარდება.