"დემოკრატიული მოძრაობის" წევრ თამარ ზაალიშვილის განცხადებით, ქვეყანაში არ ხორციელდება საბიუჯეტო კოდექსის თანახმად დადგენილი საბიუჯეტო პროცესი.
"11 თებერვალს, საქართველოს პარლამენტში მისული პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოხსენებაში წარმოდგენილი იყო 2011 წელს იმ ღონისძიებათა დაფინანსება (მაგ., 30 ლარიანი სასურსათო ვაუჩერები, 150 მილიონი ლარი სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის და სხვ.), რომლებიც სულ ახლახანს, 2010 წლის დეკემბრის ბოლოს მიღებულ 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში გათვალისწინებული არ არის. სოფლის მეურნეობის სამინისტროს დამტკიცებული ბიუჯეტი 2011 წელს მხოლოდლ 69,2 მილიონ ლარს შეადგენს. საინტერესოა, პრეზიდენტის მოხსენების მომზადების პროცესში უნდა წყდებოდეს სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის დამატებით 150 მილიონი ლარის გამოყოფის საკითხი (ამასთან, არ არის ცნობილი რა მიზნით)? ყოველივე აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში არ ხორციელდება საბიუჯეტო კოდექსის თანახმად დადგენილი საბიუჯეტო პროცესი, ქვეყნის განვითარების ძირითადი გეგმა - ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი - ფორმალური ხასიათისაა და მასში ასახული მაკროეკონომიკური (ნომინალური და რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი, ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, ინვესტიციები და ა.შ.) და ფისკალური პროგნოზები შორსაა შედეგებზე ორიენტირებისაგან", - თამარ ზაალიშვილმა.
ზაალიშვილის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული მხარჯავი დაწესებულებების 2011-2014 წლების პრიორიტეტებიც ფორმალურ ხასიათს ატარებს.
"ასეთ ვითარებაში მინიმალურია ქვეყნის სტრატეგიულ განვითარებაში საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის მონაწილეობის ხარისხი - ყველაფერს ერთი კაცი წყვეტს და ეს კაცი მიხეილ სააკაშვილია", - დასძინა ზაალიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.