უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევში აშშ-ის დელეგაციის ვიზიტი ჭიანურდება, თუმცა უკრაინა მათ ჩასვლას კვლავ ელის.
ზელენსკის თქმით, ამ ეტაპზე არ არის დაზუსტებული ამერიკელი წარმომადგენლების - სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ვიზიტის თარიღი, რომელიც ადრე იყო დაანონსებული.
„ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ ამერიკულ მხარესთან. ველოდებით მომლაპარაკებელთა ჯგუფის ჩამოსვლას, თუმცა ეს პროცესი ძალიან დიდხანს გრძელდება,“ - განაცხადა მან.
მისივე შეფასებით, უკრაინა ამ ეტაპზე ვაშინგტონის პრიორიტეტული არ არის.
„სამწუხაროდ, დღეს ჩვენ არ ვართ პრიორიტეტული. ამერიკისთვის ნომერ პირველი საკითხი ირანია, შემდეგ კი უკრაინა. სამწუხაროდ, ჩვენ ამ ომების რიგში ვართ,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიუხედავად დაგვიანებისა, აშშ-ის დელეგაციის ვიზიტი კიევში საბოლოოდ მაინც შედგება.
მისი თქმით, უკრაინა კვლავ ელოდება ამერიკელ პარტნიორებს და იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება.
„მე ნამდვილად მიმაჩნია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ყველაზე ძლიერი მოთამაშე, რომელსაც შეუძლია პუტინი ომის დასრულებაზე დაითანხმოს,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.