„ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები გიორგი თარგამაძე და გიორგი ახვლედიანი ლილოს დასახლებაში, გაზისა და ჟანგბადის რეზერვუარების დამამზადებელ ქარხანაში მივიდნენ და საწარმოს თანამშრომლებთან ერთად მთავრობის პოლიტიკა გააკრიტიკეს.
როგორც "ქდმ"-ს ლიდერებმა განაცხადეს, „ახალი ქართული ტექნოლოგია" 2006 წელს ამოქმედდა, თუმცა მხოლოდ 2 კვირა იმუშავა და დღემდე გასაყიდ ობიექტთა სიაშია. ქრისტიან-დემოკრატებმა" აქცია-ბრიფინგზე ქარხნის გახსნის ამსახველი ფოტოები წარმოადგინეს. მათი თქმით, საწარმო 5 წლის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა გახსნა და მაშინდელ დირექტორს, ნიკოლოზ ვაშაკიძეს ათეულობით ადამიანის დასაქმების პირობა ჩამოართვა.
"ეს ქარხანა არის თვალნათელი მაგალითი როგორ ეხმარება ხელისუფლება ქართულ წარმოებას. ამ მიმართულებით მთავრობის მთელი სტრატეგია პიარსა და ბუტაფორიაზეა აგებული. ჩვენ კატეგორიულად ვითხოვთ ეკონომიკის სამინისტრო დროულად ჩამოყალიბდეს და მიიღოს რაციონალური გადაწყვეტილება, სადაც პრიორიტეტული ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესები იქნება" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
დღესვე „ახალი ქართული ტექნოლოგიის" თანამშრომლებმა ქარხნის მათთვის გადაცემა მოითხოვეს. ისინი ირწმუნებიან, რომ უკვე არსებობს ირანიდან შეკვეთა 200 ათას რეზერვუარზე, რაც საწარმოში 10 წლის მანძილზე 150 ადამიანის დასაქმებას ნიშნავს.