აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მკაცრად უსაყვედურა ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჩაშლის გამო. ამის შესახებ ამერიკული პორტალი Axios წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროების ცნობით, საუბრის დროს ტრამპმა ნეთანიაჰუს შეშლილი და უმადური უწოდა.
ამავე საუბარში ტრამპმა განაცხადა, რომ მან ისრაელის პრემიერ-მინისტრს კორუფციის საქმეზე ციხის სასჯელის თავიდან აცილებაში დახმარება გაუწია. ასევე აღნიშნა, რომ ლიბანზე განხორციელებული დარტყმების გამო ნეთანიაჰუ ყველას სძულს.
ერთ-ერთი ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, ტრამპმა ნეთანიაჰუ გააფრთხილა, რომ ლიბანის დედაქალაქზე დარტყმა ისრაელის კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო იზოლაციას გამოიწვევს.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, ტრამპმა ნეთანიაჰუს მიმართ ძალიან მკაცრი ფორმულირებები გამოიყენა: „შენ სრულიად შეშლილი ხარ. შენ ციხეში იქნებოდი, მე რომ არ დაგხმარებოდი. ახლა ყველას სძულხარ. ამ ყველაფრის გამო ყველას სძულს ისრაელი.“
სხვა წყაროს ინფორმაციით, ტრამპი საუბრის დროს გაბრაზებული იყო და ერთ მომენტში ნეთანიაჰუს უყვირა: „რა ჯანდაბას აკეთებ?“
Axios-ის თანახმად, ამ საუბრის შემდეგ ტრამპმა ფაქტობრივად შეაჩერა ისრაელის გეგმები ბეირუთზე დარტყმის განხორციელებასთან დაკავშირებით.
Axios-ის ცნობით, 1 ივნისს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გასცა ბრძანება ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებზე დარტყმების განხორციელების შესახებ. გადაწყვეტილება მან დაასაბუთა „ჰეზბოლასთან“ კონფლიქტის გამწვავებით, რომელსაც ირანი უჭერს მხარს.
გავრცელებული ინფორმაციით, ნეთანიაჰუმ ასევე გააფართოვა სახმელეთო ოპერაცია ლიბანში, მას შემდეგ რაც „ჰეზბოლამ“ ისრაელის ჩრდილოეთ რეგიონებზე იერიშები მიიტანა.
Axios-ის წყაროების თქმით, თეთრი სახლის ლიდერმა სატელეფონო საუბრის დროს შეშფოთება გამოთქვა ლიბანში სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობის გაზრდის გამო, ასევე საცხოვრებელი სახლების ნგრევაზე იმ ოპერაციების ფარგლებში, რომლებიც „ჰეზბოლას“ რამდენიმე მეთაურის ლიკვიდაციას ისახავდა მიზნად.