პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში საზღვრების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხის ცალკე თავად გამოყოფას მოითხოვს.
დავითაია საკითხს საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციისა და თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დააყენებს.
"აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავოს საზღვრისპირა რეგიონებმა, კერძოდ კი ეს შეეხება რუსეთის ფედერაციის საზღვარზე განლაგებულ ტერიტორიებს, მათ შორის თუშეთს, ხევსურეთს, ყაზბეგის რაიონს, თრუსოს ხეობას, რომლებიც მოსახლეობისგან ფაქტიურად დაცლილია", - განუცხადა დავითაიამ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ახლაი კონცეფცია ექნება. 2005 წელს მიღებული დოკუმენტის განახლებაზე პირველი სამუშაო შეხვედრა 15 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარესთან შედგა, რომელსაც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია და საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დღეიდან კი, კონცეფციის განხილვა კომიტეტების დონეზე იწყება.