კაია კალასმა იმიჯი რომ გამოისწოროს და დაგვანახოს, თითქოს ქართველი ხალხის მომავალზე ბევრს ფიქრობს, მხოლოდ იმის დეკლარირება კი არ უნდა გააკეთოს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს და ჯარები იყოს გაყვანილი, არამედ საქართველოს ევროინტეგრაციისა და ეკონომიკის განვითარების საკითხებში ხელი რეალურად შეუწყოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
„დიდი ხანია, პოლიტიკაში ვართ და ის ასაკი გავიარეთ, როცა სიტყვების უკვე აღარ გვჯერა. ერთს თუ დეკლარირებ და მეორეს აკეთებ, უკვე ნათელია, რომ არაფერს აკეთებ. როდესაც მეუბნები, რომ ნატო-ს კარი ღიაო და ლამის 20 წელია, ორპირ ქარში მამყოფებ, უკვე მეც კითხვები მიჩნდება. კაია კალასმა იმიჯი რომ გამოისწოროს და დაგვანახოს, თითქოს ქართველი ხალხის მომავალზე ძალიან გულდათუთქულია და ბევრს ფიქრობს, მხოლოდ იმის დეკლარირება კი არ უნდა გააკეთოს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს და ჯარები უნდა იყოს გაყვანილი, არამედ საქართველოს ევროინტეგრაციისა და ეკონომიკის განვითარების საკითხებში ხელი რეალურად უნდა შეუწყოს. ასევე არ უნდა გადაგვადგმევინოს ნაბიჯი, რაც საქართველოში ეკონომიკურ კრახს მოიტანს, რისკენაც გვიბიძგებენ და არ გავაკეთეთ. კიდევ კარგი, ხელისუფლებაში ჩვენ ვიყავით, თორემ რა იქნებოდა ქვეყანაში, კაცმა არ იცის. ჩვენ მხოლოდ რეალურ ქმედებებს დავიჯერებთ, რადგან დიდი ხანია, სიტყვების აქეთ-იქით სროლას აღარ ვიჯერებთ“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირს უკრაინაზე მოლაპარაკებების ფარგლებში შეუძლია, მოსთხოვოს რუსეთს არმიის შემცირება, მოლდოვიდან და საქართველოდან ჯარების გაყვანა, ეს ევროპული უსაფრთხოების ინტერესშია.