საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ იმ თემებზე ისაუბრა, რომლებიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო.
"საკითხები, რომლებსაც შევეხეთ, უპირველეს ყოვლისა იყო საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ხელმოწერილი და უკვე რეალიზებული სტრატეგიული ქარტია. თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ამ ქარტიის ფარგლებში მუშაობა და რა კონკრეტული შედეგები უნდა იქნეს მიღწეული წელს", _ განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ასევე, საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობას ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში.
"განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება საქართველოს პერსპექტივებზე და დაჩქარებულ სვლაზე ნატოსკენ. ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, ასევე, უსაფრთხოება და სტაბილურობა სამხრეთ კავკასიაში და განსაკუთრებით რაც შეეხება რუსეთის ქმედებებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე", _ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.