საქართველო-ამერიკის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და აშშ სახელმწიფო მდივანმა პირისპირ შეხვედრის დროს. დიალოგი საათზე მეტხანს გაგრძელდა.
ჰილარი კლინტონთან და მის მოადგილესთან ფილიპ გორდონთან შეხვედრისას განიხილეს ის თემები, რომლებზეც თბილისსა და ვაშინგტონს საერთო ინტერესები აქვთ.
ისაუბრეს ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის საკითხზეც, ნატოსთან ურთიერთობასა და რეგიონის უსაფრთხოების თემატიკაზე.
ჰილარი კლინტონმა ჟურნალისტებისათვის მცირე კომენტარი შეხვედრის დასაწყისში გააკეთა.
"მოხარული ვარ, რომ კვლავ ვხვდები ჩემს კოლეგასა და მეგობარს სახელმწიფო დეპარტამენტში. ჩვენი დიდი სურვილია, გვქონდეს მჭიდრო ურთიერთობა საქართველოსთან, ჩვენ ბევრი თემა გვაქვს განსახილველი, რადგან ორ ქვეყანას შორის უამრავი საერთო საქმე და ღირებულება არსებობს. ბატონო მინისტრო მოხარული ვარ, რომ ისევ გვეწვიეთ", _ განაცხადა შეხვედრის დასაწყისში ჰილარი კლინტონმა.
"დიდი მადლობა, ჩვენთვის დიდი პრივილეგიაა, რომ ვართ შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი. პოლიტიკური წელიწადი ეს-ესაა დაიწყო და მოხარული ვარ, რომ სახელმწიფო მდივნისგან შემიძლია გავიგო, თუ რა მიმართულებით წავალთ ამ წელს", _ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ.