აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელ მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრა გამართა, რათა ირანთან დაკავშირებული კონფლიქტის შემდგომი ნაბიჯები განეხილა, იუწყება CNN.
წყაროს ცნობით, თეთრ სახლში გამართული სხდომა, რომელსაც ტრამპი რეგულარულად ატარებს, მიმდინარეობდა ხანგრძლივი დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე, რომელიც ომის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას ისახავს მიზნად. შეხვედრა დასრულდა გადაწყვეტილების გარეშე.
მედიის ინფორმაციით, ტრამპს, რომელიც უკმაყოფილოა მოლაპარაკებების ტემპით, წარედგინა სამხედრო მოქმედებების განახლების ვარიანტები. თავად პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კვირის დასაწყისში თითქმის მზად იყო დარტყმების ბრძანების გასაცემად, თუმცა ყურის ქვეყნების თხოვნით თავი შეიკავა.
ამასთან, პარასკევს მან გააუქმა ვიზიტი ნიუ-ჯერსის გოლფ-კურორტზე და ასევე არ დაესწრო შვილის ქორწილს ბაჰამებზე, ვაშინგტონში დარჩენა კი „სამთავრობო გარემოებებისა და აშშ-ისადმი სიყვარულის“ მიზეზით ახსნა.
ტრამპმა Truth Social-ში დაწერა, რომ ამ პერიოდში ვაშინგტონში დარჩენა მნიშვნელოვანია, რადგან „ირანთან დაკავშირებული საკითხები და სხვა მოვლენები“ გადამწყვეტ ფაზაშია.
„მე მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ამ პერიოდში ვაშინგტონში, თეთრ სახლში დავრჩე,“ - დაწერა მან Truth Social-ზე, სადაც კომენტარი გააკეთა დონალდ ტრამპ უმცროსის ქორწილზე არდასწრებასთან დაკავშირებით.
მანამდე ტრამპმა აღნიშნა, რომ ქორწილის დრო არახელსაყრელია და ახსენა „ყველაფერი, რაც ირანს ეხება, და სხვა საქმეები“.
პარასკევის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და ომის მდივანი პიტ ჰეგსეთი.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა დენ კეინმა, ანაპოლისში აშშ-ის საზღვაო აკადემიის გამოსაშვებ ცერემონიაზე გამოსვლისას ახსენა თეთრ სახლში პარასკევს გამართული შეხვედრა.
CNN-ის ცნობით, ამ ეტაპზე უცნობია, რა ნაბიჯებს გადადგამს დონალდ ტრამპი მომავალში. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა ირანს დაახლოებით მომავალი კვირის დასაწყისამდე მისცა ვადა, რათა წარმოადგინოს მისაღები წინადადება ომის შეწყვეტის შესახებ.
ზოგიერთი ოფიციალური პირი მოლაპარაკებების გაგრძელების მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი, თუმცა ორ ქვეყანას შორის სადავო საკითხების გადაწყვეტა კვლავ გაურკვეველია.
შეგახსენებთ, პარასკევს თეირანში ჩავიდა კატარის მომლაპარაკებელთა დელეგაცია, რომელიც აშშ-სთან შეთანხმებით ცდილობს ირანთან შეთანხმების მიღწევას და გადაუჭრელი საკითხების დარეგულირებას.