თავიდან ბოლომდე მაბრალებენ, არც ტერორიზმის მიზნით დამინთია ცეცხლი და არც გასათბობად, - ასე მიმართა პატიმრობაში მყოფმა პოლიტიკოსმა, ალეკო ელისაშვილმა სასამართლოს.
"სამი ბრალი მაქვს და უკვე მალე დასახვრეტიც ვიქნები", - თქვა ელისაშვილმა.
მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ 1 წლის წინ გამოძიება საქალაქო სასამართლოს ფასადზე გაჩენილ ხანძარათან დაკავშირებით, სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით იყო დაწყებული, თუმცა, მას შემდეგ, რაც საქმეში ელისაშვილის სახელი და გვარი გაჩნდა, პროკურატურამ ტერორიზმის მუხლით გადააკვალიფიცირა.
"აქ არიან ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები, ისინი მიცნობენ ბავშვობიდან. მე რომ ვყოფილიყავი 2025 წლის 4 მაისს და გამეკეთებინა ის, რასაც ამბობენ, ვიტყოდი მე ვარო, მიუხედავად იმისა, რომ ერთი მუხლი მაქვს ტერორიზმის და ერთი მუხლი მექნებოდა თუ ორი, სულერთია. მე რომ ის გამეკეთებინა, რასდადც ახლა კონრკეტულად ამ დარბაზში, ამ საქმის ფარგლებში მეუბნებიან, ნამდვილად ვიტყოდი, ამის პრობლემა არ მაქვს.
მეგობრები და ოჯახის წევრები იმიტომ მოვიშველიე, რომ მე რომ ეს გამეკეთებინა, ვიტყოდი, მაგრამ არ გამიკეთებია და რადგან პაპუაშვილს და კობახიძეს გაუხარდება, ვერ დავიბრალებ.
10 თვე, რაზეა ახლა საუბარი, ერთი 15 - წლიანი ტერორიზმის მუხლი მაქვს და რადგან ტერორიზმის მუხლით დამიჭირეს, გაიხედეს-გამოიხედეს, გაუხსნელი საქმე ედოთ, 10 თვე ქონების დაზიანებით მიმდინარეობდა გამოძიება, რადგან დაჭერილი ვიყავი ტერორიზმის მუხლით, გამომძიებლების გამაოგნებელი არაპროფესიონალიზმისა და პოლიტიკური დაკვეთის გამო, ქონების დაზიანების გაუხსნელი მუხლი გადააკვალიფიცირეს ტერორიზმის მუხლით და მე წარმიდგინეს. მტკიცებულებები ნულია, სადღაც, ქუჩაში იპოვეს ძაღლი, შეიძლება, არც იპოვეს ის ძაღლი, ის ძაღლი მადებს ხელს, გინდა თუ არა, მე ვიყავი. ორი მტკიცებულებაა, ერთი ძაღლი ამბობს, რომ მე ვიყავი, მეორე მტკიცებულება ვიდეოკადრებია. მე რომ ვარ თურმე იმით უნდა მიხვდე, რომ სამხარაულის ექსპერტიზა ამბობს, ვინაობის დადგენა შეუძლებელიაო, მაგრამ კადრები ათას ჯადო ტელევიზიაში ატრიალეს, ელისაშვილი ტერორისტიაო, რადგან წითელი შრიფტით მიაწერეს ელისაშვილიაო, რომელზეც სამხარაულმა თქვა, ვერ ხდება ამოცნობაო,- განაცხადა ელისაშვილმა. ["ტვ პირველი"]
მიმდინარე წლის 30 მარტს საქართველოს პროკურატურამ მეორე ეპიზოდზე წარუდგინა ბრალი ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარეს, ალეკო ელისაშვილს. საგამოძიებო უწყებაში ამტკიცებენ, რომ მან თბილისის სასამართლოს შენობაში ცეცხლის გაჩენა 2025 წლის 4 მაისსაც სცადა.
ალეკო ელისაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.
აღნიშნული ქმედება 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.