დღეს მოძრაობა "არა"-ს წარმომადგენლებმა კინოს სახლში ხელისუფლების მაღალჩინოსანთა ფეშენებლური სახლების გამოფენა წარადგინეს.
გამოფენაზე წარდგენილი იყო მიხეილ სააკაშვილის, დავით ბაქრაძის, ძმები ბეჟუაშვილის, ცეზარ ჩოჩელის, ვანო მერაბიშვილის, პეტრე ცისკარიშვილის, გიორგი ბარამიძის, კოტე კუბლაშვილის, დავით კეზერაშვილის სახლები.
პარალელურად წარმოდგენილი იყო საცხოვრებელი პირობები სოციალურად დაუცველი ფენისა, რომელთა ნაწილს უმძიმეს პირობებში ან სულაც ქუჩაში უწევს ცხოვრება.
"ძმებ ბეჟუაშვილების ერთი ასეთი ფეშენებელური სახლი მდებარეობს თბილისში ყაზბეგის გამზირზე, ხოლო კოჯორში ფართო ტერიტორიაზე ხუთი სახლი აქვთ აშენებული. კოტე კუბლაშვილს ტაბახმელაში აღმოაჩნდა სახლი, კიკეთში_"ტელეიმედის" მფლობელ გიორგი არველაძეს, მიხეილ სააკაშვილის სახლი მდებარეობს "დიღომ 8"-ში, სიხარულის ქუჩაზე, აქვეა ვანო მერაბიშვილის სახლი. პეტრე ცისკარიშვილის ახლადაშენებული სახლია ყაზბეგის გამზირზე, დავით კეზერაშვილის_თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, გიორგი ბარამიძისა და ცეზარ ჩოჩელის კი_კოჯორში,"_აცხადებს ლევან ჩიტაძე.
მისივე თქმით, ესაა ცოცხალი მაგალითი, თუ როგორ იცრუა სააკაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას და აღნიშნა, რომ ხელისუფლების წარმომადგებლებს ფეშენებლური სახლები არ გააჩნდათ.
ამასთან, ჩიტაძის თქმით, იტყუება თითოეული ეს ჩინოვნიკი, როცა ამბობს, რომ კორუფციას უნდა ებრძოლოს. "ამ დროს კი ისინი არიან კორუმპირებულნი და იშენებენ ვილებს",-ამბობს ჩიტაძე.
ცნობისთვის, ფეშენებლური სახლების შესახებ ფოტომასალა ერთი კვირის განმავლობაშია შეგროვებული.