უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი „ბოლოს და ბოლოს რეალური შეხვედრებისთვის მზად არის“ და ახლა საჭიროა ასეთი შეხვედრის ფორმატის პოვნა და ომის დასრულება.
ზელენსკიმ ამის შესახებ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
„ახლა თავად პუტინი ამბობს, რომ ბოლოს და ბოლოს რეალური შეხვედრებისთვის მზად არის, ამისკენ ცოტათი ჩვენც ვუბიძგეთ. შეხვედრებისთვის დიდი ხანია მზად ვართ. ახლა საჭიროა ფორმატის პოვნა. საჭიროა ამ ომის დასრულება და უსაფრთხოების საიმედო გარანტიების უზრუნველყოფა,“ — განაცხადა ზელენსკიმ.
მანამდე პუტინმა 9 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ თუ ზელენსკის შეხვედრა სურს, შეუძლია მოსკოვში ჩავიდეს.
„შეხვედრა შეიძლება მესამე ქვეყანაშიც გაიმართოს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამშვიდობო შეთანხმებაზე საბოლოო შეთანხმებები იქნება მიღწეული, რომელიც გრძელვადიან ისტორიულ პერსპექტივაზე უნდა იყოს გათვლილი… ეს საბოლოო წერტილი უნდა იყოს,“ - განაცხადა რუსეთის ლიდერმა.