ეროვნულ-დემოკრატიული პარტია სასურსათო ვაუჩერების მხოლოდ გაჭირვებული ოჯახებისთვის დარიგებას მოითხოვს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ედპ-ის წვერმა, დეპუტატმა, გურამ ჩახვაძემ განაცხადა, სახელმწიფოს მხრიდან ასეთი სახის აქცია სწორი ნაბიჯია, მაგრამ შედეგის მისაღწევად და უკვე დაშვებული შეცდომების არგამეორებისთვის აუცილებელია შეიქმნას სისტემა, რომელიც რამდენიმე პრინციპს დაეყრდნობა.
"ედპ ხელისუფლებას სთავაზობს, რომ სასურსათო ვაუჩერები უნდა დაურიგდეს საზოგადოების ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებს ანუ უნდა იყოს მიზნობრივი. ოფიციალური სტატისტიკით, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების რაოდენობა 150 697-ია, თუმცა, თავს დაუცველ ფენებს ნახევარი მილიონი ადამიანი მიაკუთვნებს. აქედან გამომდინარე, სასურსათო ვაუჩერების ოდენობა საარსებო მინიმუმის შესაბამისი უნდა იყოს, რომელიც ოფიციალური სტატისტიკით საშუალო ოჯახზე 243 ლარს შეადგენს", - აღნიშნა ჩახვაძემ.
მისივე თქმით, მსგავსი ფაქტი ერთჯერადი არ უნდა იყოს და ხელისუფლებამ ეს სისტემატურად უნდა განახორციელოს. ამასთან ჩახვაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ უმწეოთ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს დაურიგებენ სასურსათო ვაუჩერებს, 30 მილიონის გამოყოფის შემთხვევაში თითო ოჯახს 200 ლარი მოუწევს. ხოლო თუ იმ ადამიანებსაც გაითვალისწინებენ, ვინც თავს სიღატაკის ზღვარს ქვემოთ თვლის, (ასეთი ნახევარი მილიონია), მაშინ ერთ ოჯახს 60 ლარი მოუწევს.