"დაზღვევას ალტერნატივა არ აქვს",_ამის შესახებ საკრებულოს ნაციონალმა დეპუტატმა კოკი იონათამიშვილმა "თავისუფალი დემოკრატების" წევრის ზურაბ აბაშიძის საპასუხოდ განაცხადა.
"გვინდა, ამ სერვისით ნებისმიერი ადამიანი სარგებლობდეს. საყოველთაოდ დაზღვეული უნდა იყოს ყველა მოქალაქე. ვიმედოვნებთ, ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ეს სფერო უფრო ტრანსპარენტული გახდება.",_აღნიშნა იონათამიშვილმა.
მისი თქმით, ამ დღეებში დაზღვევის პოლისით მისმა შვილმაც ისარგებლა და მომსახურებით მისი ოჯახი კმაყოფილი დარჩა.
რაც შეეხება მერიის ამ საქმეში ჩართულობას, იონათამიშვილის ინფორმაციით, ასი ათასამდე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანი სარგებლობს ამ პოლისით. "ქალაქის მთავრობა მუშაობს, რომ დამატებითი რეგულაცია აამოქმედოს. ამ მიზნით მალე ჩვენი მოქალაქეები ცხელი ხაზითაც ისარგებლებენ".
შეგახსენებთ, დღეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ზურაბ აბაშიძემ სადაზღვევო სისტემაში კორუფციული გარიგების დიდ შესაძლებლობაზე ისაუბრა.
აბაშიძის თქმით, ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების, სადაზღვევო კომპანიებიდან ბითუმად შესყიდვის მექანიზმი თავის თავში ობიექტიურად მოიცავს კორუფციული გარიგების შესაძლებლობას.